ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა XVIII საუკუნეში, ერეკლე II-ის მეფობის დროს, ევროპელი მონარქების მიერ საქართველოსდამი გამოვლენილ „ნაკლებ ყურადღებაზე“ , თუმცა აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს მხარს უჭერენ „ნამდვილი ევროპული ლიდერები“, როგორიცაა ვიქტორ ორბანი.
ღარიბაშვილის თქმით, უნგრეთის პრემიერთან ბრიფინგი შემთხვევით არ შედგა კახეთში, მეფე ერეკლეს სასახლეში, და უნგრელ კოლეგას მეფე ერეკლეს შესახებ მოუყვა.
„დღეს შევიკრიბეთ ისტორიულ ადგილას. ჩვენი დიდი მეფის, ერეკლე მეორის სასახლეში. ბატონ პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რომ ჩვენი მეფე იყო გამორჩეული ნიჭით. მიჩნეული იყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრატეგი, მხედართმთავარი, რეფორმატორი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, მოდერნიზაციას. მეფე ერეკლე ყოველთვის ისწრაფოდა ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაახლოებისკენ.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს კონკრეტული ფაქტები და ისტორიული დოკუმენტები, როცა, თავის დროზე, ჩვენი მეფე ევროპელ მონარქებს მიმართავდა თხოვნით, იქნება ეს ფინანსური დახმარება თუ სამხედრო დახმარება. ზოგადად, მისი მთავარი მოტივაცია იყო ჩვენი ქვეყნის დაკავშირება ევროპასთან. სამწუხაროდ, მაშინ ევროპელი მონარქების მხრიდან ნაკლები ყურადღება ექცეოდა საქართველოს და ფაქტიურად უყურადღებოდ იყო დარჩენილი საქართველო.
დღეს შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ გვაქვს ნამდვილი ევროპელი ლიდერების მხარდაჭერა, ისეთების, როგორიცაა ბატონი ვიქტორ ორბანი. გვიხარია მისი სტუმრობა. სწორედ ამიტომ, ჩვენი სურვილი იყო, გვეჩვენებინა კახეთი, ღვინის სამშობლო. მინდა მას და მის მთავრობას მადლობა გადავუხადო სტუმრობისთვის, მხარდაჭერისთვის და მეგობრობისთვის“, – განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
ერეკლე II 1744-1762 წლებში კახეთის, 1762—1798 წლებში კი ქართლ-კახეთის მეფე იყო. 1783 წელს მან ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს, რომლითაც საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ აღმოჩნდა. ტრაქტატით მიხედვით, რუსეთს საქართველოსთვის სამხედრო დახმარება უნდა აღმოეჩინა, თუმცა, როცა ამის საჭიროება დადგა, 1795 წლის კრწანისის ბრძოლის დროს, რუსული ძალები მეფე ერეკლეს არ დაეხმარნენ.
მისი გარდაცვალებიდან მალევე რუსეთმა ჯერ აღმოსავლეთ, შემდეგ კი დასავლეთ საქართველოს ანექსია მოახდინა.