ახალი ამბები

„მეგონა, მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი“ — 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული

12 ოქტომბერი, 2023 • 19345
„მეგონა, მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი“ — 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ იარაღი პნევმატური ეგონა და განზრახ მკვლელობას არ აღიარებს.

„იარაღთან შეხება არ მქონია. მეგონა, მხოლოდ ჭრილობას მივაყენებდი და როცა სისხლი დავინახე, შემეშინდა და გავიქეცი. მეგონა, პნევმატური იყო და მხოლოდ ხმას გამოსცემდა. იარაღის ტარებაც არ ვიცი, არასდროს მქონია ის“, — განაცხადა ბრალდებულმა.

მისი თქმით, მომხდარს ნანობს.

„ტრავმა მაქვს მიღებული თავის არეში, ადრე ცხენიდან გადმოვვარდი და გონზე არ ვიყავი, როდესაც ეს ჩავიდინე… არ ვიცოდი, რომ მოვკალი, ეს დაკავების დღეს მამაჩემისგან გავიგე… მე არ მყავდა არასრულწლოვანი ცოლად, დედამისი მეუბნებოდა, რომ ის თვრამეტი წლის იყო“, — განაცხადა ბრალდებულმა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულის მიერ გაკეთებულ განცხადებას და თარგმანს ტელეკომპანია „ფორმულა“ “>ავრცელებს.

ადრეული ქორწინების მსხვერპლი 14 წლის გოგო „ქმარმა“ მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს მოკლა, რის შემდეგაც დამნაშავე ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ის 10 ოქტომბერს დააკავა. მას შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა და ბრალად ედება განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი