ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ოპოზიციის ლიდერმა ბენი განცმა საგანგებო მთავრობისა და ომის მართვის კაბინეტის შექმნის შესახებ განაცხადეს.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეიქმნება „ომის მართვის“ კაბინეტი. ის შედგება ნეთანიაჰუს, განცის, თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრ იოავ გალანტისა და ორი სამხედრო სტრატეგიის ექსპერტისგან, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის ყოფილი მეთაურები არიან.
ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის „იეშ ატიდის“ ლიდერი იაირ ლაპიდი ალიანსს არ შეუერთდა. თუმცა ნეთანიაჰუმ და განცმა განაცხადეს, რომ მისთვის ადგილი თავისუფალია ომის კაბინეტში.
საგანგებო მთავრობა იქმნება იმ დროს, როდესაც ისრაელში ღრმა პოლიტიკური განხეთქილებაა — ასობით ათასი ადამიანი უერთდება საპროტესტო აქციებს ბენიამინ ნეთანიაჰუს მკაცრი მთავრობის წინააღმდეგ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განცისა და ლაპიდის ოპოზიციურ პარტიებს საგანგებო მთავრობაში შესვლა „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ შესთავაზა.
ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს მიაღწია, ღაზაზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 1100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.