ახალი ამბები

აშშ 200 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს უკრაინას – ლოიდ ოსტინი

11 ოქტომბერი, 2023 •
აშშ 200 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს უკრაინას – ლოიდ ოსტინი

აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“ აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინზე დაყრდნობით.

დახმარება მოიცავს ჭურვებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, არტილერიულ და სარაკეტო ტყვია-წამალს, მაღალი სიზუსტის საავიაციო ტყვია-წამალს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და დრონებისთვის წინააღმდეგობის გასაწევ აღჭურვილობას.

როგორც ოსტინმა „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრაზე განაცხადა, ამგვარად აშშ-ის მიერ გამოყოფილი დახმარების ღირებულება გაიზრდება 43.9 მილიარდ დოლარამდე. ოსტინმა აგრეთვე თქვა, რომ შეხვედრაზე, მისი მოლოდინით, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც განაცხადებენ უკრაინისთვის დახმარების დამატებით გამოყოფაზე. „რამშტაინის ფორმატს“ უწოდებენ შეხვედრებს, რომლებზეც იკრიბებიან იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლები უკრაინას იარაღით ეხმარებიან.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ამჟამინდელ ბიუჯეტში [2023 წლის ნოემბრის შუა რიცხვებამდე] არაა გათვალისწინებული დახმარება უკრაინისთვის, პენტაგონში აუდიტმა გამოავლინა, რომ გათვლები არასწორი ყოფილა და უწყებას კვლავაც ჰქონდა დარჩენილი უკრაინის დასახმარებელი სახსრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი