„არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ აშშ-მა შეწყვიტოს უკრაინის დახმარება“, – ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ის მოკავშირეებს არწმუნებს, რომ ვაშინგტონი კიევის დახმარების საკითხს მოაგვარებს.
თუმცა კონგრესის მიერ შაბათს მიღებულ მოკლევადიან, 45-დღიან საბიუჯეტო პროექტში უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება შიდაპოლიტიკური მიზეზების გამო ამოიღეს. შესაძლოა, უკრაინისთვის დახმარება ცალკე კანონპროექტში მალევე ვიხილოთ, ოღონდ ეს გარანტირებული არაა.
„აჯანყება თავისსავე პარტიაში“
ის, რომ უკრაინისთვის დახმარება მოკლევადიან საბიუჯეტო პროექტში არ იქნებოდა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, კევინ მაკკარტის შაბათის გამოსვლიდან გახდა ცნობილი. რესპუბლიკელი მაკკარტი, სპიკერობის მიუხედავად, საკმაოდ მყიფე მდგომარეობაშია – პარტიის ნაწილი ეწინააღმდეგეოდა მის მიერ ამ პოსტის დაკავებას.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკკარტი. ფოტო: EPA
უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის წინააღმდეგ და პარტიის ზოგადი პოლიტიკისგან განსხვავებული პოზიციების მქონე ჯგუფი რესპუბლიკურ პარტიაში არცთუ ისე პატარა ჯგუფია [უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის აკრძალვას 93-მა რესპუბლიკელმა დაუჭირა მხარი] და საკმაოდ მნიშვნელოვანიცაა იმის გამო, რომ რესპუბლიკელთა უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაში საკმაოდ მცირეა [221 რესპუბლიკელი, 212 დემოკრატი].
როგორც „პოლიტიკო“ წერს, თეთრ სახლში ხვდებოდნენ, რომ მაკკარტის, რომელიც განცხადებებში უკრაინას მხარს უჭერს, არ შეეძლო ბიუჯეტში დახმარების ჩართვა – ასე რომ მოქცეულიყო, „პარტიაში სრულმასშტაბიან აჯანყებას გამოიწვევდა“.
უკრაინის დახმარება, ან მთავრობის „დახურვა“
ბოლო წლებში რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების შორის პოლარიზაციის ზრდასთან ერთად, აშშ ხშირად დგას „მთავრობის გამორთვის/დახურვის“ [Government shutdown] რისკის წინაშე.
ეს მაშინ ხდება, როცა ფისკალური წლის ბოლოს კონგრესი ან/და პრეზიდენტი ვერ თანხმდებიან ბიუჯეტის დამტკიცებაზე და ფედერალური, ანუ ეროვნული დონის მთავრობა, ფინანსების არქონის გამო, მუშაობას წყვეტს – არ მუშაობს რიგი დაწესებულებებისა, ხელფასს ვერ იღებენ საჯარო მოხელეები. ამ მოვლენას, როგორც წესი, ორივე პარტიისთვის საკმაო პოლიტიკური ფასი აქვს. ზარალობს ქვეყნის ეკონომიკაც.
სწორედ „მთავრობის დახურვის“ თავიდან აცილებისთვის მიიღეს მოკლევადიანი, თვენახევრიანი ბიუჯეტი – უფრო ხანგრძლივ პროექტზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
ამ პროექტში უკრაინისთვის დახმარების შეტანა სპიკერ კევინ მაკკარტის შეეძლო – რესპუბლიკელთა ნაწილისა და დემოკრატების ხმები საკმარისი იქნებოდა მის მისაღებად, თუმცა რისკის ქვეშ იქნებოდა თავად მაკკარტი, რომლის გადადგომის საკითხსაც, ალბათ, დააყენებდნენ მისივე თანაპარტიელები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინის დახმარებას.
მიიღებს თუ არა უკრაინა დახმარებას?
აშშ-ის ამჟამინდელ, 45 დღეზე გათვლილ ბიუჯეტში უკრაინისთვის დახმარება გათვალისწინებული არ არის, თუმცა შეიძლება, ბიუჯეტის ახალ პროექტში ჩაიდოს. ასევე, სპიკერ მაკკარტის შეუძლია წარმომადგენელთა პალატაში ცალკე კანონპროექტი წარადგინოს უკრაინისთვის დახმარების გამოყოფაზე, თუმცა იმ რისკით, რომ უკმაყოფილო თანაპარტიელები მის გადადგომას მოითხოვენ და რესპუბლიკელთა ფრაქციის ერთიანობას შეუქმნიან პრობლემებს.
მათი წინააღმდეგობის დაძლევა სხვადასხვა სახის კომპრომისით შეიძლება – მაგალითად, უკმაყოფილო რესპუბლიკელები „თვალს დახუჭავენ“ უკრაინისთვის სხვა პოლიტიკური თუ საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმის სანაცვლოდ. ეს ნაბიჯები შეიძლება იყოს მათი მაჟორიტარული ოლქისთვის სახსრების გამოყოფა, მათი ლიდერების უკეთეს კომიტეტებში დანიშვნა ან შიდაპარტიული „დაწინაურება“, ან რამე სხვა ზომა.
ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინის დახმარება აშშ-ში მნიშვნელოვან თემად დარჩება შემდეგი წლის განმავლობაში, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად. თუ დემოკრატებიდან კენჭს, უდიდესი ალბათობით, ჯო ბაიდენი იყრის, რესპუბლიკელებმა კანდიდატი შიდაპარტიულ არჩევნებში უნდა გამოარკვიონ. მათი ორი წამყვანი კანდიდატი – ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი უკრაინის დახმარების წინააღმდეგ გამოდიან.
