ახალი ამბები

20 საათი ტერორისტთა ტყვეობაში — გათავისუფლებულმა ქალმა მძიმე წუთები გაიხსენა

9 ოქტომბერი, 2023 • 2961
20 საათი ტერორისტთა ტყვეობაში — გათავისუფლებულმა ქალმა მძიმე წუთები გაიხსენა

ისრაელელმა ქალმა და მისმა ქმარმა 20 საათი გაატარეს ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლების ტყვეობაში, მოგვიანებით კი ისრაელელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Haaretz ავრცელებს.

მედიასაშალების ცნობით, რაჰელ ედრი ქმართან ერთად ღაზის სექტორის სიახლოვეს, ოფაკიმში, საკუთარ სახლში ქმართან ერთად იმალებოდა მას შემდეგ, რაც ქალაქში განგაშის სირენები ჩაირთო. ამ დროს მათ სახლში 5 შეიარაღებული პირი შევარდა, რომლებიც არაბულად საუბრობდნენ. ქალის მონაყოლის მიხედვით,  წყვილს დაუმტვრიეს ტელეფონები და მათი სახლი დეტალურად გაჩხრიკეს.

„იარაღი დამიმიზნეს და ყუმბარა მომიშვირეს. ვუთხარი, რომ ინსულინის ინექცია მქონდა გასაკეთებელი. ამით ვცდილობდი, მათი ყურადღება გადამეტანა იმ ფაქტიდან, რომ ჩემი შვილები პოლიციელები არიან. მე მათ სასმელი შევთავაზე: კოკა-კოლა ზერო და წყალი”, — იხსენებს ტყვეობის საათებს ქალი.

მისი თქმით, ტერორისტები პერიოდულად ამოწმებდნენ ფანჯრებს, რათა ვინმე არ შემოსულიყო. როგორც ის იხსენებს, ხუმრობდა კიდეც, რათა დრო მოეგო ისრაელელი ჯარისკაცების მოსვლამდე.

„მათ ვუთხარი, თქვენ არაბული მასწავლეთ, მე ივრითს გასწავლით-მეთქი. მესმოდა, რომ ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო. მოულოდნელად, შუაღამისას, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები შემოცვივდნენ სახლში. ვიფიქრე, რომ ტერორისტები დაუყოვნებლივ დაგვხოცავდნენ, თუმცა ჩვენი მოკვლის ნაცვლად გაქცევა სცადეს, რა დროსაც მოკლეს. მადლობას ვუხდი პოლიციას, ისინი ჩვენი გმირები არიან”, — მომხდარს იხსენებს რაჰელ ჰედრი.

ღაზის სექტორის მოსაზღვრე არაერთ დასახლებაში ტერორისტებმა ასეულობით ადამიანი დახოცეს, ნაწილი დაატყვევეს და ღაზაში გადაიყვანეს, ისრაელელთა ნაწილი კი სახლებშივე დაატყვევეს.

7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმას ისრაელში 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. საპასუხო იერიშის შედეგად 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ღაზას სექტორშიც. თუმცა ორივე მხრიდან ეს არ არის საბოლოო რიცხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი