ახალი ამბები

ჭიათურელი მაღაროელები რაჭაში პროტესტს შეუერთდებიან

9 ოქტომბერი, 2023 • 1206
ჭიათურელი მაღაროელები რაჭაში პროტესტს შეუერთდებიან

ჭიათურელი მაღაროელები რაჭაში პროტესტს შეუერთდებიან. როგორც ერთ-ერთი მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე აცხადებს, მაღაროელების ნაწილი ხვალ, 10 ოქტომბერს, ონში გაემგზავრება, რათა მხარი დაუჭირონ პროტესტს დავით ხიდაშელის კომპანიისთვის ტყის განკარგვის ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით:

„მინდა გამოვეხმაურო ბოლო დღეებში რაჭაში განვითარებულ მოვლენებს, აქციებს ვგულისხმობ, რომელიც გამოიწვია უკანონოდ ხე-ტყის და ნიადაგის გასხვისებამ. მოგეხსენებათ, 104 712 ჰექტარი 49 წლით იქნა გასხვისებული, ვითომ ქართველ ინვესტორზე, ვითომ სამონადირეო ნაკრძალად, რაც არის არარეალური და რაჭველი ხალხი ხვდება ამ ტყუილს.

ამიტომ უკვე ორი კვირაა, რაც ამ უკანონობას რაჭველი ხალხი აპროტესტებს, განსაკუთრებით ონის მუნიციპალიტეტში ,და გვინდა, სამშაბათს, 10 ოქტომბერს, ჭიათურელი მაღაროელები შევუერთდეთ ამ აქციას, ჩვენი მშვიდობიანი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, ჩავიდეთ რაჭაში და მხარი დავუჭიროთ ონის მოსახლეობას.

ეს არის როგორც ონის გასაჭირი, ასევე მთლიანად საქართველოს გასაჭირი. ამიტომ, მეგობრებო, ჭიათურელებო, ყველას გთხოვთ, ვისაც შეგვიძლია სამშაბათს, 10 ოქტომბერს, დილის 11 საათზე ვიკრიბებით მაღაროელთა მოედანზე. იქ იქნება ტრანსპორტი, რომლითაც გადავადგილდებით ონის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ონში უკანონობის აღკვეთას, რომელსაც ებრძვის მხოლოდ ონის მოსახლეობა“ ,— ამბობს მიქაცაძე.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ რაჭაში დავით ხიდაშელის კომპანიისთვის ტყის სამონადირეო ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით პროტესტს აგრძელებს. 6 ოქტომბერს აქციის მონაწილეებმა კარავი ონის მერიასთან გადაიტანეს, სადაც უწყვეტი პროტესტი დააანონსეს.

რაჭაში დაცული ტერიტორიები მას შემდეგ შეიქმნა, რაც დავით ხიდაშელს 104 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი გადაეცა სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად.

გოლეთიანის თქმით, სწორედ ამიტომ, დაცული ტერიტორიებში ვერ მოხვდა ტყის დიდი ნაწილი, სამაგიეროდ იქ შევიდა ის ადგილები, რაც კონსერვაციას ისედაც არ საჭიროებს, რადგან ადამიანს ხელი ნაკლებად მიუწვდება:

“მასში არ შედის არც ერთი მდინარე, ამოჭრილია ყველა ის ტერიტორია, სადაც საბჭოთა პერიოდში [წიაღისეულის] მოპოვება ხდებოდა. შესაბამისად, ეს არ მიჰყვება იმ გაიდლაინებს [სახელმძღვანელო], რომლის პრაქტიკაც მსოფლიოში გვხვდება. სინამდვილეში, მთელი ტყე, რაც მართლა დასაცავი და მოსავლელია, ერთ კაცს მისცეს. ადგილობრივ მოსახლეობას აქ უკვე რეალურად შეექმნა ტყეებში შესვლის პრობლემა…

ყველას შეეხება ის საფრთხე, რაც აქ ხდება. პრაქტიკულად ვკარგავთ მთლიან რაჭას და ისეთ ხალხს ვუგდებთ ამას ხელში, ამბავიც აღარ გვეცოდინება, საერთოდ რა მოხდება ამ ტერიტორიებზე. ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ და ერთკვირიან ვადას ვაძლევთ, რომ:

  • გაუქმდეს ხიდაშელისთვის გაცემული ლიცენზია
  • დაკორექტირდეს და შეიცვალოს ამ ნაკრძალის საზღვრები, რომ არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში ადგილობრივ მოსახლეობასთან”, — განაცხადა გოლეთიანმა.

იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალურსა და ადგილობრივ მოსახლეობას მათ მოთხოვნებზე რეაგირება არ ექნება, გოლეთიანის თქმით, საპროტესტო აქციები უფრო მასშტაბური გახდება.

ხიდაშელის სამონადირეო მეურნეობისა და რაჭის დაცული ტერიტორიების შესახებ ნახეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი