ახალი ამბები

ალიევის თქმით, აზერბაიჯანი დაინტერესებულია ანაკლიის პორტით

8 ოქტომბერი, 2023 • 3415
ალიევის თქმით, აზერბაიჯანი დაინტერესებულია ანაკლიის პორტით

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო დაინტერესებულია საქართველოსთან ერთობლივი პროექტების განხოციელებით, მათ შორის ანაკლიის პორტით.

„დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას და გვაქვს სურვილი, მივიღოთ მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც საუბარი იყო, ანაკლიის პორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში. შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ“, — განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ალიევის თქმით, ბაქო-თბილისის რკინიგზის მიმართულებით წარმადობა გაიზრდება ხუთმაგად და ეს იქნება უმსხვილესი კომპონენტი შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით.

„ენერგეტიკის მიმართულებით საუბარი უკვე გვქონდა მწვანე ენერგიის დერეფანზე. აქაც, საქართველო და აზერბაიჯანი შეთანხმებულად მუშაობენ ევროპულ ერებთან და მომდევნო თვეებში დავასრულებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ამ პროექტზე. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევძლებთ ხელშესახები შედეგები დავდოთ ინვესტიციების სახით, რომელიც უკვე დაგეგმილია“, — განაცხადა ალიევმა.

ალიევმა აზერბაიჯანში ვიზიტით მიიწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

„საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ და ყოველ ჯერზე ახალ ადგილს აღმოვაჩენ ხოლმე, ყოველ ჯერზე ახალ ადგილს აღმოვაჩენ ხოლმე და ყოველ ჯერზე აღფრთოვანებას იწვევს. არა მარტო ბუნებაზე და სილამაზეზე მაქვს საუბარი, არამედ წინსვლასა და პროგრესზე. პრემიერ-მინისტრის ლიდერობით საქართველო ვითარდება თავდაჯერებულად. სოციალურ-ეკონომიკური განვითარება აბსოლუტურად უზრუნველყოფილია და ეს არის ქვეყნის მოსახლეობის სტაბილურობის გარანტია. ხალხის ნდობა მთავრობის მიმართ არის ამის მასაზრდოებელი წყარო. მთავრობის ნათელი ხედვა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს ქვეყანაში. მე, როგორც საქართველოს მეგობარი, მთელი გულით მიხარია და ვულოცავ ბატონ პრემიერს ყველა მიღწევას“, — განაცხადა ალიევმა.

ილჰამ ალიევის განცხადების თარგმანი ეკუთვნის საქართველოს მთავრობას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო ინვესტორს არჩევს, რომელთან ერთადაც უნდა დაფუძნდეს პორტის მშენებელი ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნება, ხოლო კერძო პარტნიორი — 49%-ის.

კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა, რომელსაც მთავრობა არ ასახელებს. თუმცა ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული კომპანიები არიან.

მთლიანობაში კი, მინისტრის თქმით, პორტის მშენებლობაში კერძო პარტნიორობის სურვილი გამოთქვა ოთხმა კომპანიამ. იმ ორი კომპანიიდან, რომელიც შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა, ერთი ისრაელიდანაა, ხოლო მეორე ასევე ჩინეთიდან.

შესაბამისად, თუ საქართველოს მთავრობის მიერ აქამდე გახმიანებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, აზერბაიჯანულ კომპანიებს  ანაკლიის პორტის კერძო პარტნიორობის სურვილი  კონკურსში მონაწილეობით არ გამოუხატავთ.

ამერიკულ კომპანიებს ანაკლიის პორტის მშენებლობის კონკურსში მონაწილეობა არ მიუღიათ – დავითაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი