ახალი ამბები

მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

4 ოქტომბერი, 2023 • 1142
მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულს 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

ტელეკომპანია „ფორმულას“ თანადამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ ნიკოლოზ გუგეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ ედუარდ მარიკაშვილმა დაუდასტურა, რომელიც მშვილდაძის ინტერესებს იცავს.

27 ივნისს „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. მშვილდაძის თავდასხმის საქმეზე 28 ივნისს 1 პირი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

თუმცა, „ფორმულას“ ინფორმაციით, მშვილდაძეზე თავდასხმის ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძე იყო. „ფორმულას“ ინფორმაციით, გიორგი მუმლაძეა კაცი, რომელიც კადრებში ჩანს და იგი მიჰყვება „დელისიდან“ გამოსულ მიშა მშვილდაძეს, ესწრება თავდასხმის პროცესს და ბოლოს მეწყვილესთან ერთად ტოვებს ვაჟა-ფშაველას გამზირს.

ტელეკომპანია, წყაროზე დაყრდნობით, აცხადებდა, რომ სუს-ის თანამშრომელია თავდასხმაში მონაწილე კიდევ ერთი კაცი, რომელიც კადრებშიც ჩანს, რომ გიორგი მუმლაძესთან ერთად გადაადგილდებოდა. ასევე, „ფორმულას“ თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტს ეკუთვნის თავდასხმაში მონაწილე სამივე მანქანა. „ფორმულა“ ითხოვდა, რომ საქმე გადაკვალიფიცირებულიყო ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმის მუხლით, რომელიც სუს-ის მიერ იქნა დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი