ახალი ამბები

მშვილდაძის თქმით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მასზე თავდასხმის საქმე დახურა

12 სექტემბერი, 2023 • 1347
მშვილდაძის თქმით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მასზე თავდასხმის საქმე დახურა

ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მიშა მშვილდაძის ცნობით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მასზე თავდასხმის საქმე დახურულად გამოაცხადა.

„დღეს ჩემზე თავდასხმის საქმეს გამოძიება სასამართლოს გადასცემს – რაც ნიშნავს იმას, რომ გამოძიება დასრულდა – დასრულდა ისე, რომ ვერ დაადგინა თავდამსხმელებით წრეებზე მოძრავი ორი ბეემვეს ნომრები და მასში მსხდომი მძღოლები და პირები, არ დაუდგენია ოთხი თავდამსხმელიდან ერთ-ერთის (სათვალიან-ქუდიანი პირის) ვინაობა, რაც აძლიერებს ეჭვებს, რომ ეგ ეგ სათვალიან-ქუდიანიც ან სუსელია ან პოლოციელი და ეს ორი ბეემვეც რომ პოლოციის ან სუსის ოპერატიული მანქანებია, მაგაზეც ეჭვიც აღარ დარჩა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც შსს-მ 112 ის კამერების ჩამაწერები გამოძიებას არასრულად მიაწოდა და დაუმალეს ორი მხარე, ვაჟა-ასათიანის გზაჯვარედინის ოთხი მიმართულებიდან მხოლოდ ის ორი მიმართულება მისცეს, სადაც ეს მანქანები არ მოძრაობენ და სადაც მოძრაობენ ის ჩანაწერები დამალეს და გააქრეს – ამ ჩამაწრრებში ამ მანქანების ნომრები და მასში მსხდომი პირები კარგად და ნათლად გამოჩნდებოდნენ, მაგრამ არ ამოიღო გამოძიებამ – საეჭვოდ არ გეჩნებათ-თქო რომ ვკითხე, რავა არა, მარა 112-ში მტკიცებულებების დამალვისთვის ცალკე საქმის აღძვრის უფლება არ მაქვს პროკურატურამ უნდა ქნას ეგო – პროკურატურა კიდევ რაც მოიპოვეს, იმ მტკიცებულებების გადმოცემაზეც რაღაც სულელურ შეზღუდვებს იგონებს, რომ არ მოგვცენ.

აგრეთვე არ ამოუღიათ სატელეფონო ანძების ჩანაწერები – მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ ლაპარაკობენ ტელეფონზე ეს თავდამსხმელი გუგეშაშვილი, სუსელი გიორგი მუმლაძე და კიდევ რამდენიმე საეჭვო ფიგურანტი – რომელთა ვინაობის დადგენაზე საუბარიც აღარაა – ცალკე მიამიტობის პიკია სუსის იდიოტურ გამართლებას, სხვა პირს ვუთვალთვალებდითო, როგორ ენდო გამოძიება უსიტყვოდ და ჩაძიების გარეშე – სუსი ბოდავს, რომ პირი, რომელსაც იმ დღეს იქ უთვალთვალებდნენ, ჯერ იყო მცხეთაში მერე ამერიკის საელჩოში, მერე რუმსში და ბოლოს გმირთა მოედანზე ჩავიდა მანქანით და იქ აღარ გავაგრძელეთ თვალთვალიო, არამედ ვაჟა ფშაველაზე დელისთან დავუსადკავეთო, და კიდევ საცხოვრებელი სახლის მისამართზეო (რომელიც დელისთან არ მდენარრობს) და მერე სახლთან შევნიშნეთო, დელისთან არ გამოჩენილაო ეს ყველაზე სასაცილო ნაწილია – ანუ ვისაც „უთვალთავლებდნენ”, დელისზე ის არ მოსულა მუმლაძე და სასტავი რომ ელოდნენ ხო არ გამოჩნდებაო აქაო, ან სახლთანო – ორგან ელოდნენ და სახლთან მისულა ის – ვინ იფიქრებდა“, – წერს სოციალურ ქსელში მიშა მშვოლდაძე.

როგორც მიშა მშვილდაძე ამბობს, აღნიშნულ საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულს სასამართლოშიც წაიღებენ.

„იქ დავამტკიცებთ ყველაფერს და ასე ერთ წელიწადში გეტყვით სტრასბურგზეც, გაქოცდნენ ეგენიც საბოლოოდ თუ არა.
მადლობა ყველას ყურადღებისთვის და ყველაფრისთვის საერთოდ. ყველა დამნაშავე დაისჯება, გუგეშაშვილ-მუმლაძე-ქუდიან-სათვალიან-ბეემვესმძღოლებიან-სუსისუფროსიან-ღარიბაშვილ-კობახიძე-ბიძინაივანიშვილიანად – ყველა აბსოლუტურად. სუსი და პოლიცია რომ მოქალაქეებზე თავდასხმებს აორგანიზებდეს – ამ პრაქტიკას ამოვძირკვავ რადაც არ უნდა დამიჯდეს, პირობას ვდებ მისი დაფიცებით, დაგინებით და თვალების ბრიალით“, – წერს მშვილდაძე სოციალურ ქსელში.

როგორც ადვოკატი ედუარ მარიკაშვილი „ფორმულასთან“ ამბობს, ახლა დაცვის მხარის შემდეგი ნაბიჯი იქნება მათ მიერ მოთხოვნილ საგამოძიებო მოქმედებებზე საჩივრების დაწერა. მისივე თქმით, ნაწილი უკვე გასაჩივრებულია პროკურატურაში და ამის შემდეგ ირთვება ვადა, რომ ეს საქმე გაიგზავნოს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში.

ნეტგაზეთი აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ელოდება.

განახლება:

12 სექტემბერი 17:05 საათი

მიშა მშვილდაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური და ადასტურებს, რომ მისი საქმე სასამართლოში განსახილველად გაიგზავნა.

როგორც უწყებაში ამბობენ, გამოძიების მსვლელობისას დაზარალებულის უშუალო ჩართულობით გადამოწმებული იქნა გამოძიების ყველა შესაძლო ვერსია, რა მიზნითაც საქმეზე არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. თუმცა უწყების განცხადებით, მათ სხვა პირის/პირთა ბრალეულობა ვერ დაადგინეს, გარდა აღნიშნულ საქმეზე უკვე დაკავებული 1 პირისა.


27 ივნისს „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. მშვილდაზე თავდასხმის საქმეზე 28 ივნისს 1 პირი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

თუმცა, „ფორმულას“ ინფორმაციით, მშვილდაძეზე თავდასხმის ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა. „ფორმულას“ ინფორმაციით, გიორგი მუმლაძეა კაცი, რომელიც კადრებში ჩანს და იგი მიჰყვება „დელისიდან“ გამოსულ მიშა მშვილდაძეს, ესწრება თავდასხმის პროცესს და მეწყვილესთან ერთად, ბოლოს ტოვებს ვაჟა-ფშაველას გამზირს.

ტელეკომპანია, წყაროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ სუს-ის თანამშრომელია თავდასხმაში მონაწილე კიდევ ერთი კაცი, რომელიც კადრებშიც ჩანს, რომ გიორგი მუმლაძესთან ერთად გადაადგილდება. ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეპარტამენტს ეკუთვნის თავდასხმაში მონაწილე სამივე მანქანა. „ფორმულა“ ითხოვდა, რომ საქმე გადაკვალიფიცირდეს ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმის მუხლით, რომელიც სუს-ის მიერ იქნა დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი