ახალი ამბები

სტიქია გურიაში — დატბორილია სახლები, გააქტიურდა მეწყერი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა

3 ოქტომბერი, 2023 • 6834
სტიქია გურიაში — დატბორილია სახლები, გააქტიურდა მეწყერი, დაზიანდა ინფრასტრუქტურა

ძლიერმა წვიმამ გურიაში პრობლემები შექმნა.

ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, მეწყრული პროცესები განვითარდა, დატბორილია ოჯახები, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა. მათივე განცხადებით, ლანჩხუთის მერიაში შექმნილია საგანგებო შტაბი და მერიის შესაბამისი სამსახურები სტიქიის ზონაში იმყოფებიან.

ლანჩხუთის მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზიც: 591 41 20 99

უხვმა ნალექმა პრობლმები შექმნა ოზურგეთშიც. მერიის ცნობით, ძლიერი წვიმის გამო ოზურგეთში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები, ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები; გააქტიურდა მეწყრული პროცესები და ჩამოიშალა მიწის მასები; დაზიანდა საჯარო ინფრასტრუქტურა.

ძლიერი წვიმის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეკვეთილი- ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის (გვირაბის შემოსავლელი) საავტომობილო გზაზე, შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან არსებული ხიდის სავალი ნაწილი დაზიანდა. აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დაზიანებული ხიდის აღდგენის პერიოდში, ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გავლით.

ოზურგეთის მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი: 511 240 040

უხვი ნალექის გამო ჩოხატაურში დაზიანდა შიდა გზები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჯვარცხმაში, ერკეთში, დიდივანში, ხევში, გუთურსა და ხიდისთავში წარმოიშვა მეწყერსაშიში ზონები. ჩოხატაურის მერიის ცნობით, რამდენიმე ოჯახი მოწყვეტილია გარე სამყაროს. ტექნიკა მობილიზებულია და მიმდინარეობს გზების გაწმენდის სამუშაოები.

ჩოხატაურის მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი: 555 20 44 22

მასალების გადაბეჭდვის წესი