ახალი ამბები

„შეუძლია თუ არა პრეზიდენტს, მთავრობის თანხმობის გარეშე მსოფლიო ლიდერებს მიესალმოს?!“ — კითხვა საკონსტიტუციოში

3 ოქტომბერი, 2023 •
„შეუძლია თუ არა პრეზიდენტს, მთავრობის თანხმობის გარეშე მსოფლიო ლიდერებს მიესალმოს?!“ — კითხვა საკონსტიტუციოში

შეუძლია თუ არა პრეზიდენტს, რომ სხვა ქვეყნების ლიდერებს საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიესალმოს? — ეს კითხვა საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა მთავრობის საპარლამენტო მდივანს დაუსვა.

მაგალითისთვის ჩუგოშვილმა მოიყვანა სალომე ზურაბიშილის ბოლოდროინდელი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, სადაც დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო:

„გამიჩნდა სურვილი… დავინახოთ, რა დონის აბსურდულ დისკუსიაში შევდივართ. ამიტომ, მექნება ასეთი კითხვა — პრეზიდენტი წავიდა დიდი ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ცერემონიაზე მთავრობის თანხმობით. მთავრობას მიმართა კონსტიტუციის 52-ე მუხლის საფუძველზე, მიიღო თანხმობა და წავიდა ამ ვიზიტში.

იცით, რომ იქ იკრიბება თითქმის ყველა ქვეყნის პირველი პირი, სხვადასხვა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მოხელეები. ამ გასვენებაში მყოფი პრეზიდენტი ხვდება სხვადასხვა მთავრობის ლიდერებს, [თუმცა] მას [საქართველოს] მთავრობისგან არ აქვს თანხმობა, ელაპარაკოს ამ ხალხს. აქვს თუ არა უფლება, მიესალმოს ასეთ დროს?! ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც აღჭურვილია წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით და თქვენ ამბობთ, რომ როდესაც ის შეხვდება სადღაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელს, არ შეიძლება დაელაპარაკოს…“, — ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

ჩუგოშვილის კითხვას, რომელიც მთავრობის საპარლამენტო მდივანს ეხებოდა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, როდესაც მთავრობა პრეზიდენტს ვიზიტზე აძლევს თანხმობას, ის ყველა გარემოებას ითვალისწინებს:

“რაც შეეხება შემთხვევით შეხვედრას, მისალმებას, გადაკოცნას და ა.შ. როდესაც მთავრობა გასცემს განკარგულებას, ის ითვალისწინებს ყველა გარემოებას, მათ შორის იმასაც, რომ იქ შეიძლება გადაეყაროს რომელიმე პრეზიდენტს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გაიცემა ასეთი თანხმობა“, — აცხადებს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებას, რომლის ავტორებიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ. წარდგინების ავტორები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა ევროპის ქვეყნების ლიდერებთან მთავრობის ნებართვის გარეშე შეხვედრისას წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა, რითაც ქვეყნის კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტი დაარღვია.

ეს მუხლი ამბობს, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში.

საპასუხოდ, პრეზიდენტის წარმომადგენლები სასამართლოში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს ვიზიტების ფარგლებში საკუთარი უფლებამოსილება 52-ე მუხლის საფუძველზე არ განუხორციელებია და ის ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე და 78-ე მუხლებით. აქედან ერთი ადგენს, რომ საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, ხოლო მეორე – კონსტიტუციურ ორგანოებს ევროინტეგრაციის ხელშეწყობას ავალდებულებს.

30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისთვის მთავრობას ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მიუცია. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებიდან ირკვევა, პრეზიდენტს, ევროპის ქვეყნების გარდა, უარი უთხრეს უკრაინაში ვიზიტზე, ასევე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში ვიზიტებზეც.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობდნენ, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტებით კონსტიტუციას არღვევს. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პრეზიდენტისთვის ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის უარი „საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებთან არის დაკავშირებული“.

იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევას დაუდგენს, პარლამენტს შეუძლია მის იმპიჩმენტს კენჭი უყაროს. ამისთვის კი „ქართულ ოცნებას“ 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში 100 დეპუტატი არ არის, შესაბამისად, მხოლოდ უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი