ახალი ამბები

ახალ რუსულ სახელმძღვანელოში „ანექსია“ უწოდეს გერმანიის გაერთიანებას

3 ოქტომბერი, 2023 •
ახალ რუსულ სახელმძღვანელოში „ანექსია“ უწოდეს გერმანიის გაერთიანებას

ისტორიის ახალ, ღრმა შესწვალის სახელმძღვანელოში, რომლითაც ამიერიდან რუსეთის სკოლებში ისწავლიან, 1990 წელს გერმანიის გაერთიანება „ანექსიად“ არის მოხსენიებული. სახელმძღვანელოში საბჭოთა კავშირის სატელიტი სახელმწიფოებისგან შემდგარი ვარშავის პაქტის დაშლაც „კოლექტიური დასავლეთის“ ძალისხმევითაა ახსნილი.

ახალი სახელმძღვანელო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გამოვიდა, კულტურის ყოფილი მინისტრის და ამჟამად პუტინის დამხმარის [მრჩევლის ანალოგი რუსულ სისტემაში], ვლადიმერ მედინსკის ავტორობით.

მედინსკისა და სხვების სახელმძღვანელოში უახლესი ისტორია კრემლის ამჟამინდელი ნარატივის შესაბამისადაა წარმოდგენილი – მაგალითად, უკრაინაში მოქმედ „ნაცისტურ რეჟიმზე“, რომლის არსებობაც დასავლეთს რუსეთის გასანადგურებლად სჭირდება. აგრეთვე ახლებურადაა წარმოდგენილი უახლესი ისტორიის სხვა მოვლენებიც – ვარშავის პაქტისა და საბჭოთა იმპერიის დაშლაც.

რა შეიცვალა?

„დოიჩე ველეს“ თანახმად, გერმანიის გაერთიანების საკითხი ძველ, 2021 წლის სახელმძღვანელოში შემდეგნაირად იყო წარმოდგენილი: პროსაბჭოთა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში „მომწიფდა ღრმა პოლიტიკური კრიზისი“ და „გამოსავალი მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებით შეიძლება ყოფილიყო მიღწეული“. 2023 წელს სახელმძღვანელო ხელახლა გამოიცა, თუმცა შეინარჩუნა ძველი ფორმულირებები. ეს სახელმძღვანელო ისტორიის „საბაზისო დონეზე“ შესწავლისთვის იყო განკუთვნილი.

2023 წლის 1 სექტემბრიდან რუსულ სკოლებში ისტორიის მეორე, „უფრო რთული“ სახელმძღვანელოც გამოჩნდება – საგანში კარგად გარკვეული მოსწავლეებისთვის. „მედინსკის სახელმძღვანელო“, როგორც მას უწოდებენ, კულტურის ყოფილი მინისტრის, ვლადიმერ მედინსკის მიერაა დაწერილი. 2017 წელს იგი სადოქტორო ნამუშევრის პლაგიატში დაადანაშაულეს. განათლების სამინისტროს შესაბამისმა კომისიამ რეკომენდაცია გასცა, მაშინ ჯერ კიდევ მინისტრ მედინსკისთვის ხარისხი ჩამოერთვათ და აღნიშნა, რომ მას:

„არ აქვს ისტორიკოსის საბაზისო პროფესიული უნარ-ჩვევები და უპირველეს ყოვლისა, მის მიერვე მოყვანილი წყაროების ანალიზის უნარი“.

ვლადიმერ მედინსკი.

„მედინსკის სახელმძღვანელო“ გერმანიის გაერთიანებასა და აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა იმპერიის ნგრევას სხვაგვარად აჩვენებს – საბჭოთა ჯარების გამოყვანა ვარშავის პაქტის ქვეყნებიდან „დაუფიქრებელ გადაწყვეტილებადაა“ შერაცხული, რომელსაც მოჰყვა „ნაციონალისტური და ანტისაბჭოთა განწყობების მკვეთრი ზრდა“, რაც გამოიყენა „კოლექტიურმა დასავლეთმა“ და მოაწყო რევოლუციები ვარშავის პაქტის ქვეყნებში.

ამავე ქვეთავში მოცემულია 1990 წლის გერმანული პლაკატი, წარწერით „დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთად ქმნიან მომავალს გერმანიისთვისა და ევროპისთვის“. ავტორები აქვე აფიქსირებენ თავიანთ აზრს ორი გერმანული სახელმწიფოს გაერთიანებაზე: „აღმოსავლეთ გერმანიის ანექსიამ საზოგადოებაში ეიფორია გამოიწვია“.

„ისტორიის პოლიტიკურად მოტივირებული გადააზრება“

ახალი სახელმძღვანელოებით რუსეთი და ვლადიმერ პუტინი ცდილობენ, პოლიტიკური მოტივაციით, ყალბ ფაქტებზე დაფუძნებით, გადაიაზრონ ისტორია, ეუბნება „დოიჩე ველეს“ ნიკო ლამპრეხტი, გერმანიის ისტორიის მასწავლებელთა კავშირის ხელმძღვანელი.

„პრეზიდენტმა პუტინმა სრულიად გადაწერა ისტორია. რაღაც მსგავსი უკვე გვინახავს – მისი მტკიცებები მეორე მსოფლიო ომის დაწყებისა და მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე. ახლა იგი იმავეს აკეთებს ომის შემდგომი პერიოდისა და უახლესი ისტორიის თვალსაზრისით. მისი გადმოსახედიდან, რუსული იმპერია ყოველთვის მართალია და შეუძლია დაიბრუნოს, რაც კი მოესურვება. ამიტომ უნდა აჩვენოს, რომ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა „ანექსირებული“ იყო. თითქოს ეს სადავო სფეროა, სადაც შეიძლება დაბრუნდეს კიდეც“, – ხსნის იგი.

მისივე თქმით, ანექსიაზე საუბარი ისტორიული ფაქტებით არაა გამყარებული:

„საქმე გვაქვს ყალბ ფაქტებზე დაფუძნებულ პოლიტიკურად მოტივირებულ ისტორიის გადააზრებასთან. უმრავლესობა გერმანიის გაერთიანების წინააღმდეი არასდროს ყოფილა! უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ამ იდეას! 1989-90 წლებში არ იყო [დასავლეთ] გერმანიიის ფედერაციული რესპუბლიკის ტანკები, რომლებმაც საზღვერი გადაკვეთეს [აღმოსავლეთის] დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისთვის“, – აჯამებს ლამპრეხტი.

როგორ გაიყო და გაერთიანდა გერმანია

მეორე მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის უპირობო კაპიტულაციის შემდეგ, ის, რაც გერმანული სახელმწიფოს ტერიტორიად დარჩა, სამმა გამარჯვებულმა სახელმწიფომ [ბრიტანეთი, სსრკ, აშშ] და საფრანგეთმა ოთხ საოკუპაციო ზონად დაყვეს. საბოლოო ჯამში, დასავლეთის ქვეყნების სამი ზონა გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკად, იგივე დასავლეთ გერმანიად იქცა, საბჭოთა ზონა კი, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკად, იგივე აღმოსავლეთ გერმანიად.

ამგვარად, 1949 წლიდან 1990-მდე ორი გერმანული სახელმწიფო არსებობდა. აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური რეჟიმის რღვევა საბჭოთა კავშირში კომპარტიის მიერ ხელისუფლების სადავეების დაკარგვასთან ერთად შედგა.

1989 წელს ბერლინის კედლის, – რომელიც 1961 წელს აღმოსავლეთიდან დასავლეთ ბერლინში მოქალაქეების გადასვლის შესაჩერებლად ააგეს, – დაცემისა და 1990 წლის არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატების გამარჯვების შემდეგ, იმავე წლის 23 აგვისტოს, აღმოსავლეთ გერმანიის პარლამენტმა დასავლეთ გერმანიასთან გაერთიანება მოითხოვა, რაც 3 ოქტომბერს შედგა, აშშ-ის, სსრკ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის თანხმობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი