ახალი ამბები

„რეჟიმი თავს იანუკოვიჩთან აიგივებს“ — ბოკერია სუს-ის განცხადებებზე

2 ოქტომბერი, 2023 • 1179
„რეჟიმი თავს იანუკოვიჩთან აიგივებს“ — ბოკერია სუს-ის განცხადებებზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუსი] განცხადება „ევრომაიდნის“ მსგავს რევოლუციური სცენარის შესახებ მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს დასავლეთზე და პრორუსულ კურსს ირჩევს, მიიჩნევს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.

ბოკერიას თანახმად, განცხადებები პრემიერისა და ძალოვანი უწყების მხრიდან ნათლად ემსახურება დასავლეთის დემონიზებას და „მეორე ფრონტის“ შიშის გაღვივებას. მისივე თქმით, ხელისუფლება მილოშევიჩის, შევარდნაძისა და იანუკოვიჩის რეჟიმებთან აიგივებს თავს.

„საზოგადოებამ ცალკე უნდა გაამახვილოს ყურადღება, თუ ვისთან აიგივებს თავს ივანიშვილის რეჟიმი. პრორუსული დიქტატორი მილოშევიჩი, რომელმაც არჩევნებში აშკარა მარცხი არ აღიარა და სწორედ ამიტომ, სახალხო გამოსვლების შედეგად მოუწია ძალაუფლების დათმობა.

ზეკორუმპირებული და რუსეთის მიერ ინფილტრირებული შევარდნაძის რეჟიმი, რომელმაც ასევე არ დათმო ძალაუფლება არჩევნებში კატასტროფული მარცხის შემდეგ და სწორედ ამას მოჰყვა ვარდების რევოლუცია, და სულ ბოლოს, იანუკოვიჩის კრიმინალური რეჟიმი, რომელიც უკრაინელმა ხალხმა უდიდესი უმრავლესობით დაამხო მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირებაზე, უვიზო მიმოსვლაზე და თავისუფალ ვაჭრობაზე. ანუ ღიად გამოაცხადა, რომ უარს ამბობს დასავლურ ინტეგრაციაზე და ღიად დაფიქსირდა პუტინის ვასალად, რითაც უკრაინის დამოუკიდებლობა უარყო“, – აცხადებს ბოკერია.


2013-14 წლების ევრომაიდნის რევოლუციას აქტიურად იყენებდა რუსული პროპაგანდა, რომლის თანახმადაც, მაიდანი ამერიკელი და სხვა დასავლური ქვეყნების ხელისუფლებებისა და კურატორების წყალობით შედგა, რომლებმაც ქვეყანაში სიტუაცია არიეს. მაიდანთან დაპირისპირება რუსული ოფიციალური პირებისა და მედიის მნიშვნელოვან ასპექტად იქცა, განსაკუთრებით 2014-ის გაზაფხულზე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და დონბასში შეჭრის შემდეგ. რუსეთში აქტიურად მიმდინარეობდა „პროტესტები“ მაიდნის წინააღმდეგ, „ანტიმაიდანის“ სახელით. საქართველოში მსგავსი წამოიწყო პრორუსულმა „ალტ-ინფომაც“.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს მორიგ ჯერზე გამოაქვეყნა განცხადება სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების შესახებ. უწყების განცხადებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება იგეგმება, უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.

მასალების გადაბეჭდვის წესი