ახალი ამბები

კობახიძე თეა გოდოლაძეს მიწისძვრებზე “ყოველდღიური” ცნობების გავრცელების გამო აკრიტიკებს

2 ოქტომბერი, 2023 • 2338
კობახიძე თეა გოდოლაძეს მიწისძვრებზე “ყოველდღიური” ცნობების გავრცელების გამო აკრიტიკებს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე წარმოუდგენლად მიიჩნევს საქართველოში ყოველდღიურად მომხდარ  მიწისძვრებს და აცხადებს, რომ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე ხშირი მიწისძვრების შესახებ ინფორმაციებს მედიას ხალხის დასაზაფრად “ავრცელებინებდა”.

ამის შესახებ კობახიძემ დღეს, 2 ოქტომბერს, ბრიფინგზე ისაუბრა:

“მე მახსოვს გარკვეული პერიოდის, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, თითქმის ყოველ დღე იდებოდა მედიასაშუალებებში ასეთი ნიუსი: დღეს საქართველოში მიწისძვრა მოხდა. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ყოველ დღე ხდებოდეს მიწისძვრა ქვეყანაში.

დავინტერესდი მე პირადად და რომ ჩავეძიე, გაირკვა, რომ ამ ნიუსებს მედიასაშუალებებს ადებინებს თეა გოდოლაძე. ნუ, მიზანი რა არის, რომ ადამიანები დაზაფრო.

დღეში კვდება დაახლოებით 150-მდე ადამიანი საშუალოდ საქართველოში. წარმოიდგინეთ, ყოველ დღე რომ დაიდოს ეს ნიუსი, რომ დღეს საქართველოში 150 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ხომ იწვევს საზოგადოების დაზაფრავს და იგივეა ზუსტად, როცა ავრცელებ ასეთ ინფორმაციას, რომ დღეს საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეს მხოლოდ ბოროტმოქმედმა შეიძლება გააკეთოს”, — თქვა კობახიძემ.

“ნეტგაზეთი” საპასუხო კომენტარისთვის თეა გოდოლაძეს დაუკავშირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ სეისმური მონიტორინგის შედეგად საქართველოში ყოველდღიურად 35 მიწისძვრა ფიქსირდება, თუმცა ყველას შესახებ ინსტიტუტი არ ავრცელებს ინფორმაციას, რადგან ეს არის ფონური სეისმურობა და ადამიანებისთვის ამ ბიძგების შეგრძნება რთულია.

რაც შეეხება კობახიძის ნათქვამს, რომ “თითქმის ერთი წლის განმავლობაში, თითქმის ყოველ დღე” ვრცელდებოდა ინფორმაცია მიწისძვრების შესახებ, სავარაუდოდ, ის გულისხმობს 2021 წელს, როდესაც ჯავახეთში სეისმურად განსაკუთრებით აქტიური პერიოდი იყო და სოფელ სამებასთან დღეში რამდენიმე მიწისძვრაც კი ფიქსირდებოდა. თეა გოდოლაძის თქმით, იმ წელს ჯავახეთში რეკორდული — დაახლოებით 12 000 მიწისძვრა დაფიქსირდა.

“სამეცნიერო თემებზე სპეკულირება გაუმართლებლად მიმაჩნია იმიტომ, რომ ეს არის მეცნიერება და თუ, ვთქვათ, კობახიძეს მონაცემებში ეჭვი ეპარება, მობრძანდეს და თავად ნახოს”, — განაცხადა გოდოლაძემ და განმარტა, რომ როგორც წესი, მიწისძვრების შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი იმ შემთხვევაში ავრცელებს, როდესაც ის 3 მაგნიტუდას აღემატება და ადამიანი ბიძგებს გრძნობს.

“რას ნიშნავს, დაზაფრავს ემსახურება, მოსახლეობას არ მივაწოდოთ ინფორმაცია? ყველა მიწისძვრაზე ავტომატური მესიჯი ეგზავნება სახელმწიფო სტრუქტურებს და ძალიან კარგად იციან, რა ხდება”, — თქვა მან.

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში გახშირდა თეა გოდოლაძის საწინააღმდეგო კამპანია, რომელშიც მმართველ პარტიასთან აფილირებული პირებიც მონაწილეობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” შეფასებით, “აგორებული შავი კამპანიის მიზანია, გააჩუმონ პროფესიონალი, რომელიც ყოველთვის ღიად და აქტიურად აფიქსირებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს ეკოლოგიისა თუ განაშენიანების საკითხებზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი