გასულ წელს მედიის ფინანსურ სიცოცხლისუნარიანობას დამატებითი საფრთხეები შეექმნა, რაზეც კომპლექსურად იმოქმედა როგორც გაუარესებულმა კანონმდებლობამ, ისე —ბიზნესგარემოში გაზრდილმა თვითცენზურამ და მედიაზე გაზრდილმა წნეხმა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” (TI) კვლევაში, რომელიც 2022 წლის სარეკლამო ბაზარს ეხება.
კვლევის მიხედვით, ტელე-რადიომაუწყებლების “ისედაც მწირი” სარეკლამო შემოსავლები 2022 წელს 10 მლნ ლარით შემცირდა და 73.6 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, “Პროსახელისუფლებო ტელევიზიების ჯამური სარეკლამო შემოსავლები თითქმის ორჯერ აღემატება კრიტიკული ტელევიზიების ჯამურ სარეკლამო შემოსავალს”.
ავტორთა თქმით, სარეკლამო შემოსავლების კლება დიდწილად უკავშირდება 2022 წელს მიღებულ კანონს, რომელიც აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას ეხება. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, იმავე წელს, 2021-თან შედარებით, თითქმის 4-ჯერ შემცირდა მაუწყებლების მიერ აზარტული თამაშების რეკლამიდან მიღებული შემოსავალი.
კვლევაში მოცემულია მაუწყებლების ხარჯებისა და ზარალის შესახებ ინფორმაციაც 2021 წლის მდგომარეობით, ვინაიდან 2022 წლის მონაცემი ცნობილი ჯერ არ არის. ავტორთა თქმით, 2021 წელს მაუწყებლობიდან მიღებული ხუთი ყველაზე შემოსავლიანი ტელევიზიიდან (“იმედი”, “მთავარი არხი”, “ფორმულა”, “ტვ პირველი” და “მედია ჰოლდინგი”) მოგება არცერთს ჰქონია და წელი კვლავინდებურად ზარალით დაასრულეს.
TI-ის კვლევიდან
“ყველაზე მეტად – 27.2 მლნ ლარით – ტელეკომპანია “ფორმულამ” იზარალა. ხუთივე ტელევიზიის ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება მათ შემოსავლებს”, — ნათქვამია კვლევაში და იქვე აღნიშნულია, რომ ფინანსური სიცოცხლისუნარიანობა ტელევიზიების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
გასულ წელს ჯამური სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი ნაწილი (27 მლნ. ლარზე მეტი) “იმედის ჰოლდინგმა” მიიღო. შემდეგ მოდიან: “მთავარი არხი” – 10 მლნ მლნ ლარით; “მედიაჰოლდინგი” (“რუსთავი 2”) – 9 მლნ ლარით; “ტელეკომპანია პირველი” – 5.8 მლნ ლარით და “ფორმულა” – 5.7 მლნ ლარით.
ამასთან, ავტორთა თქმით, პროსამთავრობო” “პოს ტვ-ის” სარეკლამო შემოსავალი 0.1 მილიონი ლარით გაიზარდა და 4.8 მილიონი ლარი შეადგინა, ღიად პრორუსულმა “ალტ ინფომ” კი მილიონ ლარამდე ჯამური შემოსავალი მიიღო.
“ანტიდასავლური დღის წესრიგის მქონე ტელეკომპანია “ობიექტივის” შემოსავლების 52.8% (438 442 ლარი) კომერციული რეკლამის წილი იყო”, — აღნიშნულია კვლევაში.
TI-ის კვლევიდან
2022 წელს პოლიტიკურმა პარტიებმა რეკლამაზე, ჯამში, 1.1 მლნ ლარი დახარჯეს. თანხის ნახევარზე მეტი – 688.3 ათასი ლარი მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაზე” მოდიოდა, ყველაზე ნაკლები კი — ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეებმა” (14 482 ლარი).
ამასთან, გასულ წელს ფასიან Სოციალური რეკლამაზე, ჯამში, 362,878 ლარი დაიხარჯა, საიდანაც 269.9 ათასი ლარი, ავტორთა თქმით, პროსამთავრობო მაუწყებლებმა (“პოსტვ”, “მედიაჰოლდინგი”/”რუსთავი 2”) მიიღეს.
TI-ის კვლევიდან
დასკვნის სახით კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ სარეკლამო შემოსავალო პროსახელისუფლებო არხებზე სჭარბობს, ჰიბრიდული საინფორმაციო ომის პირობებსა და პოლარიზებულ გარემოში კი ეს მოცემულობა კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის მედიას.
“წლიდან წლამდე, კვლევები აჩვენებს, რომ სარეკლამო ბაზარი არაა საკმარისი მედიის გამართულად ფუნქციონირებისთვის.
ფინანსურ სიცოცხლისუნარიანობას დამატებითი საფრთხე შეექმნა იმის გამოც, რომ მედია შეზღუდულ ვადებში მოუმზადებელი შეხვდა გაუარესებულ კანონმდებლობას და გაიზარდა წნეხი მედიაზე.
ქართული მედია, როგორც წარმატებული/მომგებიანი ბიზნესი, რთულად ყალიბდება და ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ბიზნესგარემოში გაზრდილი თვითცენზურა”, — აღნიშნულია კვლევაში.