ტელეგრამ-არხი „არ მელოდო უკრაინიდან“ იუწყება, რომ დაიღუპა რუსეთის მხარეს მებრძოლი არსენ ფიცხელაური – უკრაინელი ჟურნალისტების გამოძიების თანახმად, იგი იყო ერთ-ერთი, ვინც უკრაინაში ნოვა კახოვკის ჰესის აფეთქებაში მონაწილეობდა როგორც რუსეთის არმიის წევრი.
ტელეგრამ-არხის მიერ 28 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ დაღუპული ფიცხელაური 1988 წელსაა დაბადებული და იბრძოდა რუსეთის არმიის 205-ე ცალკეულ მოტომსროლელ ბრიგადაში. მეორე დღეს ამავე ტელეგრამ-არხმა გამოაქვეყნა ფიცხელაურის საფლავის ფოტოც, რომელიც კრასნოდარის ოლქშია.

„რადიო თავისუფლების“ უკრაინული ბიუროს პროექტის, „სხემის“ და „სლედსტვიე.ინფოს“ ჟურნალსტების თანახმად, ფიცხელაური [ზედმეტსახელი „გრუზინ“ – ქართველი] კახოვკის ჰესზე 5-6 ივნისს იმყოფებოდა კაშხლის ნგრევისას, ხოლო შემდეგ რუსეთში გაემგზავრა დაჯილდოებაზე.







