ახალი ამბები

დეკანოიძე მასზე ადევნების გამო რუსეთის მოქალაქის დეპორტაციას ითხოვს

29 სექტემბერი, 2023 • 1834
დეკანოიძე მასზე ადევნების გამო რუსეთის მოქალაქის დეპორტაციას ითხოვს

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეს, მასზე ადევნების გამო, პოლიციამ შემაკავებელი ორდერი მეორედ გამოუწერა. ამის შესახებ მან ნეტგაზეთს განუცხადა.

დეკანოიძის თქმით, რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ივნისში მასზე ადევნების გამო ერთხელ უკვე გამოწერილი ჰქონდა შემაკავებელი ორდერი, ქვეყანა დატოვებული ჰქონდა, თუმცა საქართველოში ისევ შემოუშვეს. გუშინ, 28 სექტემბერს კი, აღნიშნული პირი ოპოზიციონერ დეპუტატს პარლამენტის შენობაში დახვდა.

„პარლამენტის საშვთა ბიუროსთან, საიდანაც მე გამოვდივარ ხოლმე, იქ იდგა დაცვასთან, შენობის შიგნით. მე რომ მხედავს, ყვირის ხოლმე „ხატია… ხატია“, რუსულად საუბრობს, ხან ყვავილი უჭირავს, ხან სურათები და ჩანთები უჭირავს ხოლმე… ჩემი აზრით, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ასეთი შემთხვევა მოხდა 3 თვის წინ, როცა ივნისში ერთი კვირა მხვდებოდა ხოლმე ყოველდღე და ბოლოს პოლიციას მივმართე. პარლამენტის დაცვასაც შეეშინდა მაშინ და ერთად გამოვიძახეთ პოლიცია. მაშინ შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს და მერე აღარ გამოჩენილა. ამ შემაკავებელ ორდერს გაუვიდა ვადა და გუშინ ისევ დავინახე. გუშინ ღამით მოვიდა პოლიცია ჩემს სახლში და ისევ შემაკავებელი ორდერი გამოწერა“, – ამბობს ნეტგაზეთთან ხატია დეკანოიძე.

ხატია დეკანოიძის თქმით, მხოლოდ ორდერის გამოწერა საკმარისი არ არის. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქე მას უკვე მეორედ აედევნა და ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ მისი დეპორტაცია მოხდეს და საქართველოში აღარ შემოუშვან.

„არ არის გამორიცხული [ეს ადამიანი მოგზავნილი იყოს], მათ შორის, უკრაინაში ჩემი მუშაობის შემდეგ… თუმცა მე მაინც მგონია, რომ უბრალოდ, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მე ექსპერტად ვერ გამოვდგები, მაგრამ გამორიცხული არაფერი არ არის. შეიძლება, რაღაც ეჭიროს ხელში ან მჟავა შემასხას… ან შეიძლება ობსესია აქვს… მე ვფიქრობ, რომ საშიშია.

ადეკვატური რეაგირება იქნებოდა დეპორტაცია, რადგან ადევნებაა საქართველოს მოქალაქის, პარლამენტის წევრის, რომელიც საფრთხეს უქმნის, შესაძლოა, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. შემდეგ საზღვარზე დასვან ნიშნულზე და აღარ შემოუშვან. რუს ოპოზიციონერებს და მწერლებს არ უშვებენ საქართველოში და ეს ადამიანი არ შემოუშვან. მართლა არ ვიცი, რითი დავიცვა თავი, იარაღის ტარებას ხომ ვერ დავიწყებ?!

მე პოლიციამ მითხრა, რომ თავად აპირებს წასვლას. ახლა მივლინებაში ვარ, მაგრამ რომ ჩამოვალ, აუცილებლად ვაპირებ ადვოკატთან გასაუბრებას, პირველი შემთხვევის დროს არ ამიყვანია და ვაპირებ, მოვითხოვო, რომ აღარ შემოუშვან საქართველოს ტერიტორიაზე“, – განუცხადა ნეტგაზეთს ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის საქმესთან დაკავშირებით ნეტგაზეთი მეორე დღეა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხს ელოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი