ახალი ამბები

მთავრობამ 6 ენერგოპროექტზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულება დაამტკიცა

26 სექტემბერი, 2023 • 1073
მთავრობამ 6 ენერგოპროექტზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულება დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ დღევანდელ, 26 სექტემბრის სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციირებით, დაამტკიცა ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიებთან გასაფორმებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულება, რომელიც ადმინისტრაციის ცნობით 6 პროექტს მოიცავს.

მთავრობის განცხადებით, მათი ჯამური სიმძლავრეა 44 მგვტ, გამომუშავება კი  71 მლნ კვტ სთ-ს შეადგენს. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინვესტიციის მოცულობაა 26,9 მლნ აშშ დოლარი.

„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში პირველი აუქციონი 300 მგვტ სიმძლავრის ასათვისებლად ჩატარდა და აუქციონმა კერძო სექტორის მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია − წარმოდგენილი იყო 78 განაცხადი 943 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე. სულ გამოვლინდა 27 გამარჯვებული კომპანია, რომლებიც 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ საქართველოში“ ,— ვკითხულობთ განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ელექტროგენერაციის ეს 27 სადგური, ამოქმედების შემდეგ, ჯამურად შეძლებს 1.1407 მლრდ კვტ სთ ენერგიის გამომუშავებას ყოველწლიურად, ხოლო ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტებში განხორციელდება, ჯამურად 400 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

გარდა ამისა, მთავრობის განცხადებით, გასულ სხდომაზე დამტკიცდა ხელშეკრულება, რომელიც 11 პროექტს მოიცავს და რომელთა ჯამური სიმძლავრე 161 მეგავატია, ჯამური გამომუშავება − 661,9 მლნ კვტ სთ; ინვესტიციის მოცულობა – 218 მლნ აშშ დოლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი