ახალი ამბები

გლდანში ენმ-ის წევრებზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდეს

25 სექტემბერი, 2023 • 1195
გლდანში ენმ-ის წევრებზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდეს

გლდანში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე თავდასხმაში ბრალდებული ექვსივე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულების აღკვეთის თაობაზე დღეს, 25 სექტემბერს გაიმართა.

„გამოძიება გრძელდება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, რათა დადგინდეს თავდასხმაში  სხვა მონაწილე პირთა ვინაობა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ბრალდებულები თანამშრომლობენ გამოძიებასთან, თუმცა მოცემულ დღემდე არ თანამშრომლობენ დაზარალებულები და იმედს გამოვთქვამთ, მათი მხრიდან მოხდება საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობა“ ,— აცხადებს საქმის პროკურორი.

ენმ-ის წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა ირაკლი ეძგვერაძემ 22 სექტემბერს განაცხადა, რომ ეს თავდასხმა თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარის, კონსტანტინე ზარნაძის ორგანიზებული იყო. ამის შესახებ მან TV პირველთან, კლინიკიდან პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა.

ეძგვერაძის თქმით, თავს 30-მდე ადამიანი დაესხა, მათ შორის რამდენიმეს ამოცნობა შეძლო.

თავად ზარნაძე ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდა:

“პიროვნულად მასთან ვის რა პრობლემა აქვს, მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, მაგრამ გაუგონარი ამბავია… რას ამბობთ, რომ სცემეს ახლა ირაკლის?… ქალაქიდან გასული ვარ, წავკისში ვარ და შემიძლია მივიდე და ვნახო. რას ამბობთ… ცხოვრებაში არ მიჩხუბია”, — უთხრა ზარნაძემ “ფორმულას”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი