ახალი ამბები

ჰოლივუდის გაფიცულმა სცენარისტებმა სტუდიებთან პირველად შეთანხმებას მიაღწიეს

25 სექტემბერი, 2023 • 1248
ჰოლივუდის გაფიცულმა სცენარისტებმა სტუდიებთან პირველად შეთანხმებას მიაღწიეს

ჰოლივუდის გაფიცულმა სცენარისტებმა მთავარ სტუდიებთან მიაღწიეს პირველად შეთანხმებას, რომლის გაფორმების შემთხვევაშიც სცენარისტები ხანგრძლივ გაფიცვას დაასრულებენ. აღნიშნულმა პროტესტმა ჰოლივუდის არაერთ სატელევიზიო შოუზე, ფილმზე თუ ტელესერიალზე მუშაობის პროცესი შეაფერხა.

“ამერიკის მწერალთა გილდია”, რომელიც გაფიცვის ორგანიზებაში იყო ჩართული, “დიდი სიამაყით” აღნიშნავს, რომ ხსენებული შეთანხმება “განსაკუთრებულია”, მოიცავს რა “მნიშვნელოვან მიღწევებსა და დაცვის მექანიზმებს” ყველა სექტორში მომუშავე სცენარისტებისთვის.

როგორც ამერიკული NPR წერს, პროფკავშირის წევრებმა ჯერ ხმა უნდა მისცენ კონტრაქტის საბოლოო ვერსიას, რომლის დეტალებიც ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. გაფიცვის ორგანიზატორებმა პროცესის მონაწილეებს უთხრეს, რომ შეთანხმების საბოლოო ვერსიაზე შეჯერებამდე პროტესტი გრძელდება და მისი მონაწილეები სამსახურში არ დაბრუნდებიან.

ჰოლივუდის სცენარისტების გაფიცვა, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი იყო გასულ ათწლეულებში მომხდარ გაფიცვათაგან, მიმდინარე წლის 2 მაისს დაიწყო.  აღნიშნულის გამო მუშაობა შეფერხდა არაერთ პოპულარულ პროგრამაზე, მათ შორის, The Last of Us-სა და Stranger Things-ზე.

სცენარისტთა მოთხოვნებს შორის იყო ხელფასების გაზრდა ისევე, როგორც დამატებითი ანაზღაურება იმ შემთხვევებში, როცა მათ მიერ შექმნილი პროგრამები განმეორებით გადის ე.წ. სტრიმინგ სერვისებზე.

NPR-ის ცნობით, გაფიცულთა საპასუხოდ სტუდიების ხელმძღვანელები თავიანთ შემოსავლებზე წუხდნენ და მიანიშნებდნენ, რომ უკანასკნელ წლებში თანამშრომლების შემცირება მოუწიათ.

ხელფასების საკითხთან ერთად, გაფიცულთა მოთხოვნები ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, შიშების ფონზე, რომ ეს უკანასკნელი სცენარისტთა სამუშაოს ჩაანაცვლებს.

კიდევ ერთი გაფიცვა, რომელიც ივლისში დაიწყო მსახიობების მონაწილეობით, ჯერაც გრძელდება. მათი წარმომადგენელია მსახიობთა პროფკავშირი SAG-AFTRA, რომელიც 160 000 წევრს აერთიანებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი