ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე წარდგინება განსახილველად მიიღო

22 სექტემბერი, 2023 • 1991
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე წარდგინება განსახილველად მიიღო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო “ქართული ოცნების” კონსტიტუციური წარდგინება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლომ დღეს, 22 სექტემბერს გაავრცელა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და პარლამენტის სხვა წევრების კონსტიტუციური წარდგინება აკმაყოფილებს არსებითად განსახილველად მიღების წესებს:

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა №1797 კონსტიტუციური წარდგინება აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი”, — განმარტებულია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განხილვის საგანი იყო საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, კერძოდ, “საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით”.

საკონსტიტუციო სამინისტროს თანახმად, წარდგინების ავტორებს საფუძვლად მოჰყავთ საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტი და 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. პირველის თანახმად, საქართველოს მთავრობას ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიური უფლებამოსილება ენიჭება, მეორის თანახმად კი, საქართველოს პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება და სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეუძლია.

ამასთან, წარდგინებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) გათვალისწინებული საგარეო-პოლიტიკური ამოცანების შესრულებაში მონაწილეობა პრეზიდენტს მხოლოდ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ანუ მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეუძლია.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, წარდგინებაში მოყვანილია მაგალითები, როდესაც განმცხადებლების თანახმად, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული მუხლები დაარღვია და ამის გასამყარებლად მათ წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტები და აუდიოჩანაწერები.

მასალების გადაბეჭდვის წესი