შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შოვის სტიქიის დროს დაღუპულთა „ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო“.
გომელაური სპეკულაციას უწოდებს მოსაზრებას, რომ ვერტმფრენით და სითბური დრონებით იყო შესაძლებელი სამაშველო ღონისძიებების დაჩქარება და ადამიანების გადარჩენა.
შოვის სტიქიასთნ დაკავშირებით პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას გომელაურმა თქვა, რომ „სტიქიის დაწყების პირველივე წუთებიდან საზოგადოებას მაქსიმალურად მოკლე დროში აწვდიდნენ გადამოწმებულ ინფორმაციას“.
„რამდენიმე მეტრი მიწის ქვეშ მოყვნენ ადგილზე მყოფი ადამიანები. ამგვარი სიღრმის ქვეშ მათი სიცოცხლის გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო… სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო. ფაქტობრივად, მაშველების მიერ ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტები“, — განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, პირველ დღეს ადგილზე მუშაობდნენ ვერტმფრენები და სითბური დრონები, თუმცა „ვერტმფრენებით ან დრონებით ვინმეს აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მიწის ზედაპირზე, ხოლო მიწისქვეშ მოყოლილთა პოვნა ვერტმფრენით ან დრონით შეუძლებელია“.
ის ადამიანები, რომლებიც მიწის მასის ქვეშ მოყოლას გადარჩნენ, გომელაურის თქმით, მაშველების, პოლიციელების და ადგილზე მყოფი მოქალაქეების მიერ უვნებლად იყვნენ გამოყვანილი უსაფრთხო ადგილას
„პირველივე საათებში“.
„ღამით, სხვადასხვა ინტენსივობით, ადგილზე 5 სითბური დრონი მუშაობდა. ვერტმფრენით შემოფრენების, დრონებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ ტერიტორიის მონიტორინგის შედეგად, არ დაფიქსირებულა მეწყრის მასაში მოყოლილი არცერთი ადამიანი, რომელიც საჭიროებდა დახმარებას“, — განაცხადა გომელაურმა.
გომელაურმა თქვა, რომ სამაშველო სამუშაოები შოვში ნახევარ საათში დაიწყო და არა დაგვიანებით. მის თქმით, ინფორმაციის მიღებისთანავე (15:07), ონის სახანძრო-სამაშველო დანაყოფიდან პირველი მორეაგირე ჯგუფი სტიქიის ზონაში 15:12 საათზე გაემგზავრა და 15:40 საათზე მივიდა ადგილზე.
„მას შემდეგ, რაც ონის სამაშველო ჯგუფი შევიდა სტიქიის ზონაში, ამბროლაურიდან წასულმა ჯგუფმა ვეღარ შეძლო იმავე მარშრუტით გადაადგილება, რადგან მეწყერმა წაიღო სოფელ გლოლასთან არსებული ხიდი, რომლის საშუალებითაც პირველი ჯგუფი მივიდა სტიქიის ზონამდე. ამის გამო, ამბროლაურიდან წასულ სამაშველო ჯგუფს მოუწია შემოვლითი გზით სარგებლობა და სტიქიის ადგილზე 16:05 საათზე მივიდნენ. შემდგომ სტიქიის ზონაში შევიდნენ ონისა და ამბროლაურის დამატებითი სამაშველო ჯგუფები. ადგილზე მისულმა პირველმა მორეაგირე ჯგუფებმა, სტიქიის მასშტაბებიდან გამომდინარე, შემოვლითი გზებით, ტყის მასივიდან მოახერხეს ცალკეულ ლოკაციებზე მყოფ მოქალაქეებთან მისვლა“, — განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
გომელაური ადასტურებს, რომ ვერტმფრენი სამი საათის შემდეგ ჩაერთო სამაშველო სამუშაოებში, თუმცა ამას არსებითად არ მიიჩნევს.
გომელაურის თქმით, „თბილისიდან და ქუთაისიდან მოხდა ვერტმფრენების მობილიზაცია, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისში განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფ მორეაგირე ჯგუფთან ერთად მობილიზებული ვერტმფრენი ვერ ჩაერთო ოპერაციაში. სამაშველო ღონისძიებაში თბილისიდან გაემგზავრა სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.
„პირველი ვერტმფრენი სტიქიის ზონაში თბილისიდან გაფრინდა 16:54 საათზე. ის სტიქიის დაწყებიდან დაახლოებით სამ საათში ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში (18:04 ჩაფრენის დრო). ვერტმფრენის სამაშველო ღონისძიებებში ჩართვას წინ უძღვის აუცილებელი ღონისძიებები, კერძოდ, საჭირო ძალებისა და აღჭურვილობის განსაზღვრა, მობილიზება, შესაბამისი აღჭურვილობით დატვირთვა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეადგენდა ერთნახევარ ტონა ტვირთს. გასათვალისწინებელია რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე ფრენის ხანგრძლივობაც“, — განაცხადა გომელაურმა.
გომელაურმა განმარტა, თუ რატომ არ მოხდა იმავე ღამეს გადარჩენილი პირების ხეობიდან გამოყვანა.
„მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ვერტმფრენები აღჭურვილია ღამის ხედვის საშუალებებით, კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით და, მით უმეტეს, როდესაც სტიქიას გადარჩენილი ადამიანები საპოლიციო ძალებთან ერთად იმყოფებოდნენ უსაფრთხო ადგილას, მიზანშეწონილი არ იყო ღამით ფრენის განხორციელება, რადგან საფრთხე შესაძლოა დამუქრებოდა გადარჩენილ ადამიანებს და ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული პირების სიცოცხლეს. სამწუხაროდ, უახლოეს წარსულში გვაქვს ტრაგიკული გამოცდილება, როდესაც პილოტებმა გარისკეს საკუთარი სიცოცხლე სამაშველო ღონისძიებების დროს“, — თქვა გომელაურმა.
შს მინისტრი აცხადებს, რომ მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის სამუშაოები შესაბამისი სპეცტექნიკით, ხოლო 4 აგვისტოს, დაახლოებით დილის 6 საათიდან, სამაშველო ოპერაციაში კვლავ ჩაერთო ავიაცია.
„როგორი თანამედროვე ვერტმფრენიც არ უნდა ჰყოლოდა სახელმწიფოს, მსგავსიც კი, როგორსაც ველოდებით, ღამით ფრენა ამ რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო და გადარჩენილი ადამიანების და სამაშველო ოპერაციაში მონაწილე პირების უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებდით და ევაკუაციას არ განვახორციელებდით“, — განაცხადა მან.
შს მინისტრმა კიდევ ერთელ გაიმეორა, რომ საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის აღმოჩენილი ადამიანების ევაკუაცია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია, არ საჭიროებდა საერთაშორისო დახმარებას.
ამ დროისთვის ნაპოვნია შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 32 ადამიანის ცხედარი. ეძებენ ერთ ადამიანს. შს მინისტრის თქმით, საძიებო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ იარსებებს მისი პოვნის თეორიული შანსი.