ახალი ამბები

„8 წელი დააკარგვინეთ ქვეყანას“ — გოცირიძე ანაკლიის პორტზე

22 სექტემბერი, 2023 • 2128
„8 წელი დააკარგვინეთ ქვეყანას“ — გოცირიძე ანაკლიის პორტზე

დეპუტატ რომან გოცირიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის პორტის აშენება მინიმუმ 8 წლით გააჭიანურა, რითაც დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას.

ამის შესახებ გოცირიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ანაკლიის პორტის შესახებ ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.

„თქვენი წერილიდან გავიგე, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობას თურმე სჭირდება სამი წელიწადი. ხელშეკრულებიდან პროექტის მომზადებასა და სხვა მოსამზადებელ სამუშაოებს — 9 თვე. ვთქვათ, ერთი წელიწადი. ეს არის 4 წელიწადი ხელშეკრულების გაფორმებიდან. ანუ ანაკლიაში პირველი გემი შემოვა 2028 წელს. 8 წელი დააკარგვინეთ ქვეყანას. რა შემოსავალი დაიკარგა, რამდენი ადამიანი ვერ დასაქმდა ამ პერიოდის განმავლობაში?! თქვენი წყალობით იცლება საქართველო“, — განაცხადა რომან გოცირიძემ.

2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

საქართველოს მთავრობამ, – გიორგი გახარიას პრემიერობისას, – 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო).

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) და მისი ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას აწარმოებენ.

მთავრობამ კი პროექტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით ახალი შესარჩევი პროცესის გამოსაცხადებლად მოსამზადებელი სამუშაოები 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ დაიქირავა საერთაშორისო კონსულტანტები (კომერციულ საკითხებში − MTBS, ხოლო იურიდიულ საკითხებში − Squire Patton Boggs), რომელთა ჩართულობით მომზადდა შესარჩევი პროცესის დოკუმენტაცია.

20 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა, თუმცა ისინი არ დაასახელა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, შერჩევის მეორე ეტაპზე შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული კომპანიები გადავიდნენ.

კანდიდატების საკვალიფიკაციო შეფასების შედეგად, კვალიფიცირებულ კანდიდატებს მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად, რომელთა შეფასების შედეგად კომისია გამარჯვებულს გამოავლენს და ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს დაიწყებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.

პროცესის პარალელურად, სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცემა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი.

კერძო ინვესტორთან ერთად უნდა დაფუძნდეს პორტის მშენებელი ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნება, ხოლო კერძო პარტნიორი — 49%-ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი