ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი ყარაბაღელ სომხებს უკეთეს ცხოვრებას ჰპირდება

21 სექტემბერი, 2023 • 9301
ალიევი ყარაბაღელ სომხებს უკეთეს ცხოვრებას ჰპირდება

“მე აქამდეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი, რომ ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა ჩვენი მოქალაქეები არიან”,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საზოგადოებისადმი მიმართვაში ისაუბრა.

ალიევის თქმითვე, “სომეხმა ნაციონალისტებმა, სამხედრო დამნაშავეებმა, სომხეთისა და ყარაბაღის ეგრეთ წოდებულმა ლიდერებმა ეს ხალხი [ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა] ტყვედ აიყვანეს და გონება მოუწამლეს”.

“დარწმუნებული ვარ, რომ ყარაბაღში მცხოვრები სომეხი მოსახლეობა მალე იხილავს უკეთესობისკენ ცვლილებას, რადგან ჩვენი განზრახვაა საერთო მშვიდობიანი ცხოვრება, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა. ჩვენ არ გვაქვს სომეხ ხალხთან პრობლემა, არ გვაქვს მტრული დამოკიდებულება”.

მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტულ ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე. 20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა და ამასთან, ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი.

ამასთან, 21 სექტემბერს სტეპანაკერტში ადგილობრივები ისევ სროლების შესახებ საუბრობენ.

აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთეს ბაქოში, სადაც განაცხადეს, რომ სტეპანაკერტის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი