ახალი ამბები

„არავის აქვს აკადემიური თავისუფლების ხელყოფის უფლება” — კონსერვატორიის რექტორი

21 სექტემბერი, 2023 • 1386
„არავის აქვს აკადემიური თავისუფლების ხელყოფის უფლება” — კონსერვატორიის რექტორი

კონსერვატორიის რექტორმა ნანა შარიქაძემ უპასუხა თეა წულუკიანის 20 სექტემბრის მუქარის შემცველ განცხადებას. ნანა შარიქაძე ხაზს უსვამს რეფორმების მნიშვნელობას, რომლებიც თანამედროვეობის შესაბამისად გატარდა კონსერვატორიაში და აკრედიტაციის მიღების პროცესში მაღალი შეფასება დაიმსახურა, ეს კი ვერ მოხდებოდა აკადემიური პერსონალის გარეშე:

„აკადემიური თავისუფლება და უმაღლესის ავტონომია არის ფასეულობა და არავის აქვს მისი ხელყოფის უფლება.

განათლების ხარისხი აკადემიური პერსონალის გარეშე არ არსებობს. ამ პერსონალმა და მისმა მენეჯმენტმა აკრედიტაციის ჯგუფის წინასწარი მიგნებებით მაღალი შეფასება მიიღეს სწორედ იმ რეფორმების გამო, რომელიც 21-ე საუკუნის კურიკულუმთან თავსებადობას გულისხმობს… ამ ხარისხის გამოა, რომ აგერ უკვე 106 წლის მანძილზე ამ ქვეყნის კულტურის სავიზიტო ბარათს ვაწარმოებთ საერთაშორისო მასშტაბით.

ხარვეზი სისტემაშია, რომელიც 2023 წელს გასული საუკუნის 30-იანი წლების საუკეთესო ტრადიციით გვესაუბრება. სამწუხაროა, რომ რეფორმა ამ სისტემას არ შეხებია.…

სულ მაინტერესებდა, რატომ არ სჭირდება ამ ქვეყანას საქმის მცოდნე და იდეით შეპყრობილი ადამიანები?“

გუშინ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, განაცხადა, რომ კონსერვატორია ვერ ახერხებს სტუდენტებისთვის სრულფასოვანი განათლების მიწოდებას და ეს არის არა აკადემიური პერსონალის ხარვეზი, არამედ „ეს გახლავთ ხელმძღვანელობაში ძალიან თვალშისაცემი ხარვეზი. ეს ჩემი ხარვეზიც არის. როდესაც ხელმძღვანელობა ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, მაშინ მინისტრმა კეთილი უნდა ინებო და ხელმძღვანელი შეცვალო. ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ, რაც არ უნდა უდრტვინველად აგრძელებდეს ზოგიერთი იქ საქმიანობას და ეგონოს, რომ „მინისტრს არაფერი არასდროს არ ეკითხება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი