ახალი ამბებიეკონომიკა

ანაკლიის პორტის ინვესტორის შერჩევის მეორე ეტაპზე 2 კომპანია გადავიდა

20 სექტემბერი, 2023 • 3254
ანაკლიის პორტის ინვესტორის შერჩევის მეორე ეტაპზე 2 კომპანია გადავიდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს, თუმცა კომპანიებს არ ასახელებს „კონკურსის პირობებიდან გამომდინარე“.

უწყების ცნობით, სხდომის ფარგლებში შესაბამისი ოქმებიც გაფორმდა, რომლებსაც კომისიის წევრებმა, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

როგორც კომისიის სხდომაზე ითქვა, კანდიდატების საკვალიფიკაციო შეფასების შედეგად, კვალიფიცირებულ კანდიდატებს მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად, რომელთა შეფასების შედეგად კომისია გამარჯვებულს გამოავლენს და ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს დაიწყებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.

პროცესის პარალელურად, სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცემა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული ინვესტორი/კერძო პარტნიორი ინვესტიციას განახორციელებს ზემოთაღნიშნულ სახელმწიფო საწარმოსთან ერთობლივად შექმნილ კომპანიაში, რომელმაც უნდა განავითაროს ანაკლიის ნავსადგური. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივ კომპანიაში სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი – 49 პროცენტის მფლობელი“, — აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო და დასძენს, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას.

მთავრობა ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო ინვესტორს არჩევს, რომელთან ერთადაც უნდა დაფუძნდეს პორტის მშენებელი ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნება, ხოლო კერძო პარტნიორი — 49%-ის. ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესში კვალიფიციური კანდიდატების გამოვლენა რამდენჯერმე გადავადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი