ახალი ამბები

კობახიძის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის შესწავლა დაიწყო

19 სექტემბერი, 2023 • 933
კობახიძის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის შესწავლა დაიწყო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს დაწყებული აქვს აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის შესწავლა. როგორც ცნობილია, ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობაც აქვს, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით, საგამონაკლისო წესის გარდა, ორმაგი მოქალაქეობა არ არის გათვალისწინებული.

„[ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხი] არის იუსტიციის [სამინისტროს] საქმე. როგორც ვიცი, სამინისტროს საკითხის შესწავლა აქვს დაწყებული. თუ პირი ხდება სხვა ქვეყნის მოქალაქე ისე, რომ საქმის კურსში არ აყენებს ქართულ უწყებებს, იწყება საკითხის შესწავლა.

შეიძლება, დღის წესრიგში მათ შორის დადგეს, მაგალითად, მოქალაქეობის დაკარგვა. ეს არის უწყებების საქმე, დაელოდეთ და ვნახოთ, რა იქნება“, – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს და ისიც თქვა, რომ ფარცხალაძის რუსეთის მოქალაქეობა ჟურნალისტებისგან გაიგო.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მოქალაქე კარგავს მოქალაქეობას, თუკი სხვა სახელმწიფოს მოქალაქე ხდება, გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა. განკარგულებას პირის მიერ მოქალაქეობის დაკარგვაზე ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, თუმცა სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხზე მასთან რაიმე ინფორმაცია არ შესულა.

ამერიკის შეერთხებულმა შტატებმა ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ (რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური) ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი.

ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული.

ნასამართლობის ფაქტი ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა მან თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუთი ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი, ბერა ივანიშვილი, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი