ახალი ამბები

კობახიძე: პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონს მესამე მოსმენაზე ჩააგდებს

18 სექტემბერი, 2023 • 1268
კობახიძე: პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონს მესამე მოსმენაზე ჩააგდებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხვალ, 19 სექტემბერს, პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს, თუმცა მხარს არ დაუჭერს.

კობახიძის თქმით, ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ და მათი რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციების შემდეგ მიეცემა. გარდა ამისა, კობახიძის თქმით, სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას:

„სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დოკუმენტმა, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა და აქედან გამომდინარე, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს, რომელიც ე.წ. პერსონალიზებულ მიდგომას ეფუძნებოდა.

ამავდროულად, მოვუწოდებთ ევროკომისიას, თავადაც უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგომაზე, რომელიც 12 პრიორიტეტში იყო ასახული და რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული სპეკულირებისთვის როგორც საქართველოში არსებული ოპოზიციის, ასევე მათთან დაკავშირებული ევროპარლამენტარების თუ სხვა უცხოელი პოლიტიკოსების მიერ“ ,— განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ოცნებამ“ ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო, თუმცა მისი შინაარსი ჯერჯერობით უცნობია

მასალების გადაბეჭდვის წესი