“სოხუმში აეროპორტის გახსნა 2025 წელს იგეგმება”,-  ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის მინისტრმა თეიმურაზ ხიშბამ ყაზახეთში გამართულ ტურისტულ ფორუმზე განაცხადა. ინფორმაციას რუსული სააგენტო Tass ავრცელებს.

“2025 წელს იგეგმება აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის გახსნა. დარწმუნებული ვარ, ეს გაზრდის ჩვენი სტუმრებისთვის შესაძლებლობებს, ტურისტების გეოგრაფია გაფართოვდება”.

რუსეთის ეკონომიკის მინისტრიმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა რუსეთის ქალაქ პეტერბურგში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, “სოხუმის არძინბას სახელობის  საერთაშორისო აეროპორტის” აღდგენის შესახებ შეთანხმებას ხელი 2023 წლის ივნისში მოაწერეს. ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, რუსეთი ვალდებულებას იღებს, შეასრულოს საინვესტიციო პროექტის ყველა პირობა. აფხაზეთი კი, ობიექტების საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, საკუთრების უფლებების დაცვის განსაკუთრებულ სახელმწიფო გარანტიებს იძლევა.

სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე 1993 წლიდან დაკეტილია, არ არის სერტიფიცირებული და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (ICAO), რომელიც აფხაზეთს აღიარებს საქართველოს შემადგენელ ნაწილად, არ აქვს მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი.  რამდენიმე წლის წინ, როდესაც სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე დაიწყო საუბარი აფხაზურმა მხარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, აცხადებდნენ, რომ “ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას”.

“რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, აფხაზეთში აეროპორტის აღდგენა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. თუმცა იცვლება დრო, ტურიზმი კი დამატებითი სტიმული ხდება. სოხუმის აეროპორტისთვის, სავარაუდოდ, რუსეთის აეროპორტის კოდი იქნება გამოყენებული”, –ამბობდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მაშინდელი პრეზიდენტი ასლან ბჟანია ქართული მხარის საპასუხოდ.