ახალი ამბები

ხელისუფლებისაგან ფარცხალაძეზე რეაგირებას არ ველი, რადგან სწორედ ასეთ პირებს ეყრდნობა — ნანუაშვილი

15 სექტემბერი, 2023 • 1900
ხელისუფლებისაგან ფარცხალაძეზე რეაგირებას არ ველი, რადგან სწორედ ასეთ პირებს ეყრდნობა — ნანუაშვილი

საქართველოს ყოფილი  სახალხო დამცველი, ამჟამად „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) ხელმძღვანელი, უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან (FSB) კავშირში მხილებული ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მხოლოდ „კერძო პირი“ არაა, როგორც ამის წარმოჩენას ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ.

როგორც უჩა ნანუაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, ოთარ ფარცხალაძე წლების  განმავლობაში სერიოზული გავლენებით სარგებლობდა მაშინაც კი, როცა თანამდებობაზე აღარ იყო.

„ის არ ყოფილა არანაირი კერძო პირი. საუბარია იმაზე, რომ ამ ადამიანს ჰქონდა სერიოზული გავლენა. ჩემთვის ცნობილია, რომ ეს ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში არაფორმალურად აგრძელებდა პროკურატურაში მუშაობას. მას ჰქონდა შესაძლებლობა, გადაადგილებულიყო პროკურატურის შენობაში და ბევრ საქმესთან დაკავშირებით სწორედ ის იყო გადაწყვეტილების მიმღები მას შემდეგაც, რაც მან ოფიციალურად დატოვა თანამდებობა.

ის საკმაოდ სერიოზული გავლენებით სარგებლობდა და ის არ ყოფილა ადამიანი, რომელიც იყო რიგითი პროკურორი, არამედ წლების განმავლობაში პრაქტიკულად კურირებდა და მართავდა სისტემას. მას ჰქონდა სერიოზული გავლენები სასამართლო სისტემაზე. აქაც ბევრი კითხვის ნიშანია ძალიან ბევრ საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც იყო მისი ბრალეულობის საკითხი, მაგრამ ეს საქმეები პრაქტიკულად ჩაიფარცხა“, — განუცხადა უჩა ნანუაშვილმა ნეტგაზეთს.

მისივე თქმით, ქართული საგამოძიებო უწყებები დაუყოვნებლივ უნდა დაინტერესდნენ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან ფარცხალაძის კავშირებით.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასეთ გადაწყვეტილებას შემთხვევით არ იღებს. მას აქვს საკმარისი მტკიცებულებები და ინფორმაცია, როცა რაიმე საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს. აქაც მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უნდა გახდეს ძალიან სერიოზული მსჯელობის საგანი. აუცილებელია, გამოძიების დაწყება საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურების მხრიდან, როცა ასეთი თანამდებობის პირი არის ბრალდებული უცხოეთის, მით უმეტეს, მტრული სახელმწიფოს, აგენტობაში. დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიება დაწყებული იმ  ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც გავრცელდა“, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

თუმცა, უჩა ნანუაშვილის თქმით, არ ელის, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ხელისუფლებას რეაგირება ექნება, რადგან სისტემა სწორედ მსგავს ადამიანებზე დგას.

„მე არ მაქვს მოლოდინი, რომ რაიმე სახის რეაგირება მოხდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რადგან ფარცხალაძის საქმე არ არის ერთადერთი. ასევე არის წლების განმავლობაში დაგროვილი ძალიან ბევრი სერიოზული დარღვევა, როგორ სასამართლო, ასევე საგამოძიებო სისტემაში, რომელზეც არ რეაგირებს. პირიქით, ხელისუფლება უკვე სისტემურად ამკვიდრებს ასეთ საქმეებზე დაუსჯელობის სინდრომს. სამწუხაროდ, ხელისუფლება სწორედ ასეთ პირებს ეყრდნობა“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.


ამერიკის შეერთხებულმა შტატებმა ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი.

ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული.

ნასამართლეობის ფაქტი ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა მან თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუთი ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი, ბერა ივანიშვილი, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.

ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება აუდიტის სამსახურის იმდროინდელი უფროსის და ამჟამად დევნილობაში მყოფი ლაშა თორდიას ცემის ფაქტიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი