ახალი ამბები

აშშ: ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში არ შეგვითავაზებია

13 სექტემბერი, 2023 • 2234
აშშ: ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში არ შეგვითავაზებია

აშშ-ის საელჩო საქართველოში ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და უარყოფს, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შესთავაზა ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა.

„აშშ-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს ნატოში გაწევრიანებისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში“, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კითხვები იმის შესახებ, რომ თითქოს 2 წლის წინ, უკრაინაში ომის დაწყებამდე, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს „ქართულმა ოცნებამ“ უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული ბაზის გახსნაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებს დღეს „მთავარმა არხმა“ დაუსვა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა, ასევე თქვა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის გახსნა უსაფრთხოების გარანტი ვერ იქნება. „სრული სიცრუე“ უწოდა ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრომაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი