გაერთიანებულმა სამეფომ საქართველო და რუსეთი დაამატა იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებს სატრანზიტო ვიზა ესაჭიროებათ გაერთიანებული სამეფოს გავლით მგზავრობისას.
ინფორმაციას ამის შესახებ NewlandChase ავრცელებს.
8 სექტემბერსცვლილება შევიდა 2014 წლის საიმიგრაციო (სამგზავრო ტრანზიტის ვიზა) ბრძანებაში, რომელშიც დაემატა საქართველო და რუსეთი იმ ქვეყნების ან ტერიტორიების სიას, რომელთა მოქალაქეებს ესაჭიროებათ სატრანზიტო ვიზა გაერთიანებული სამეფოს გავლით სხვა ქვეყანაში მგზავრობისას.
ბრძანება არ ვრცელდება დიდ ბრიტანეთში ტრანზიტით მყოფ საქართველოს ან რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც დიდი ბრიტანეთში 5 ოქტომბრამდე ჩავლენ ან ბრძანების ძალაში შესვლამდე (2023 წლის 8 სექტემბერი) ჰქონდათ დაჯავშნილი მოგზაურობა.
„ჩვეულებრივ, ნორმატიული აქტი ძალაში შედის პარლამენტის წინაშე წარდგენიდან არაუადრეს 21 დღისა. მიზეზი, რის გამოც ეს ბრძანება ძალაში შევიდა პარლამენტის წინაშე წარდგენიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, არის სერიოზული შეშფოთება იმის გამო, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეების დიდ ბრიტანეთში მოგზაურობისა და პოტენციური თავშესაფრის მოთხოვნა ახალი შესწორების ძალაში შესვლამდე“, — წერს NewlandChase და დასძენს, რომ 2018 წლიდან საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები მუდმივად არიან პირველ ადგილზე მათ შორის, ვინც ბოროტად იყენებენ გაერთიანებული სამეფოს სატრანზიტო დებულებებს და თავშესაფარს ითხოვენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ამ მოქალაქეებისგან გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტამდე სატრანზიტო ვიზის მოთხოვნა ხელს შეუშლის ამ მოქალაქეების გაერთიანებულ სამეფოში ტრანზიტის მოტივით გამგზავრებას, შემდეგ კი თავშესაფრის მოთხოვნას ჩამოსვლისას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაწყვეტილება დაუკავშირეს გაერთიანებული სამეფოს გამკაცრებულ მიგრაციულ პოლიტიას.
„დიდ ბრიტანეთში გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის გათვალისწინებით, ქვეყანამ გააძლიერა საზღვრების კონტროლი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 8 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აეროპორტში ტრანზიტული გავლისას შემოღებულ იქნა ვიზის მიღების ვალდებულება (DATV). აღნიშნული კატეგორიის ვიზა საჭიროა მაშინ, როდესაც პირი მიემგზავრება მესამე ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში იცვლის ფრენას და არ გადის სასაზღვრო შემოწმებას. გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს 100 მეტ ქვეყანასთან, მათ შორის ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა: მოლდოვა, უკრაინა, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, მონტენეგრო, ბოსნია და სხვა“, — აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.