ახალი ამბები

ECR-მა სახაროვის პრემიაზე ქართველი ხალხი და ნინო ლომჯარია წარადგინა

13 სექტემბერი, 2023 •
ECR-მა სახაროვის პრემიაზე ქართველი ხალხი და ნინო ლომჯარია წარადგინა

ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფმა (ECR) 2023 წლის სახაროვის პრემიაზე აზროვნების თავისუფლებისთვის პროევროპელი ქართველი ხალხი და საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წარადგინა.

ECR-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართველმა ხალხმა აღადგინა დემოკრატიული სახელმწიფო და ევროატლანტიკური თანამეგობრობა. ბოლო წლებში ქართველი ხალხი არაერთხელ დადგა ქვეყნის დასაცავად, იბრძოდა საკუთარი უფლებებისა და მისწრაფებებისთვის.

ECR მიიჩნევს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ნინო ლომჯარია წარმატებით იცავდა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან დევნილთა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს და აძლიერებდა ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაცვას.

„დიდი ზეწოლის მიუხედავად, მას ჰქონდა გამბედაობა, მხარი დაეჭირა მათთვის, ვინც სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაციას განიცდის, მაგალითად, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებების შემთხვევაში. ნინო ლომჯარია და მისი გუნდი ასევე დაეხმარნენ საქართველოში პლურალიზმისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას. მათმა წარუშლელმა გამბედაობამ, მოკრძალებასთან და პროფესიონალიზმთან ერთად, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, ხელი შეუწყო საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებას, რომელიც შეესაბამება მისი მოქალაქეების ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, — ნათქვამია ECR-ის განცხადებაში.

ნინო ლომჯარიას კანდიდატურის ინიციატორი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა იყო. ჯგუფის შეხვედრაზე კენჭისყრის შემდეგ ფოტიგამ განაცხადა: „მიხარია, რომ არიან ნინო ლომჯარიას მსგავსი ადამიანები, რომლებმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს თავიანთი ქვეყნის დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებში“.

საბჭოთა ფიზიკოსისა და პოლიტიკური დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია ევროპარლამენტის მიერ 1988 წლიდან გაიცემა ადამიანებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიას, საერთაშორისო სამართალსა და უმცირესობების უფლებებს. პრემიის საპრიზო თანხა 50 000 ევროს შეადგენს.

ევროპარლამენტის თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია წარადგინოს კანდიდატები, ისევე როგორც ცალკეულ ევროპარლამენტარებს (თითოეული კანდიდატისთვის საჭიროა მინიმუმ 40 ევროპარლამენტის მხარდაჭერა). ნომინანტები წარდგენილნი არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, განვითარების კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის ერთობლივ სხდომაზე, ხოლო სრული კომიტეტის წევრები კენჭს უყრიან სამი კანდიდატის მოკლე სიას.

სახაროვის პრემიის ყველა დროის ლაურეატებს შორის არიან ნელსონ მანდელა, კოფი ანანი, ლუდმილა ალექსეევა, ოლეგ სენცოვი, ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, ალექსეი ნავალნი. 2022 წელს სახაროვის პრემია უკრაინელ ხალხს გადაეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი