პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა ახლო ნათესავებისთვის ქონების დასაბუთების დავალდებულებას მოითხოვს. ამის შესახებ პარტიის წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ბუჩუკურის თქმით, ჩნდება კითხვები თუ საიდან აქვს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღრიბაშვილის მამას, იმხელა შემოსავალი, რომ შვილს სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავით კერძო ვიზიტი დაუფინანსოს, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, 34 000 ევრო დაჯდა:
„დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა, მისმა ხელმძღვანელმა გააკეთა ოფიციალური განმარტება, რომ პრემიერ-მინისტრის პირადი მიზნებისთვის მოგზაურობა დაფინანსდა მამის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ და გადახდილ იქნა 34 000 ევრო, რაც დღევანდელი კურსით არის 95 000 ლარზე მეტი. ბუნებრივია, კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით თუ საიდან აქვს პრემიერ-მინისტრის მშობელს ამხელა შემოსავალი.
სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი უახლოეს დღეებში პარლამენტში წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას რომლითაც სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირთა ახლო ნათესავები ვალდებულები იქნებიან დაასაბუთონ საკუთარი ქონების და მატერიალური სიკეთეების წარმომავლობა. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი უმტკიცებდა საზოგადოებას, რომ დედის ხარჯზე ცხოვრობდა და ახლა პრემიერი ღარიბაშვილი უმტკიცებს საზოგადოებას, რომ 100 000 ლარად შეფასებულ სერვისს ყიდულობს მამა. უხერხულია რომ ამხელა პასუხისმგებლობა გადააბარო მშობელს“ — აცხადებს ანა ბუჩუკური.
„ნოდარ მელაძის შაბათის“ ინფორმაციით, რომელსაც არც საქართველოს მთავრობაში უარყოფენ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.
ტელეარხის ცნობით, მან უფროსი შვილი, 18 წლის ნიკოლოზ ღარიბაშვილი ჯერ მიუნხენში ჩაიყვანა სამთავრობო თვითმფრინავით, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებისკენ გზა სამგზავრო თვითმფრინავით გააგრძელა.
კერძოდ, რეპორტაჟის ავტორების თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად სამთავრობო ბორტით მიუნხენში გაფრინდა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამასთან, ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების მიუნხენში ჩაყვანის შემდეგ სამთავრობო ბორტი საქართველოში არ დაბრუნებულა და 28 აგვისტომდე მიუნხენში იცდიდა, რათა ღარიბაშვილი უკან, საქართველოში ჩამოეყვანა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მგზავრობა სახელმწიფოს კუთვნილი თვითმფრინავით თბილისიდან მიუნხენამდე და მიუნხენიდან თბილისამდე 34 000 ევრო დაჯდა და აღნიშნული თანხა პრემიერ-მინისტრის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის მამის ქონების საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ უკანასკნელმა შვილს 2 წლის განმავლობაში 300 000 ლარი აჩუქა.
ტელეკომპანია „პირველმა“ დედოფლისწყაროში მდებარე ღვინის ქარხანაზე მოამზადა რეპორტაჟი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ქარხნის მფლობელი კომპანიის 50% მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის სახელზე გადაფორმდა.
ტარიელ ღარიბაშვილი დედოფლისწყაროს სოფელ ხორნაბუჯშია რეგისტრირებული. ამავე სოფელშია ამ ღვინის კომპანიის, “ქართული ფესვების” იურიდიული მისამართიც.
“ტვ პირველის” თანახმად, ეს კომპანია, სახელწოდებით “ქართული ფესვები”, წლების მანძილზე ისედაც ირაკლი ღარიბაშვილის მამას ეკუთვნოდა, თუმცა, სავარაუდოდ, ფიქციურ პირებზე ჰქონდათ გაფორმებული.
ამ თემაზე წაიკითხეთ:
ღარიბაშვილმა შვილი სასწავლებლად სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა — რა ვიცით