ახალი ამბები

AP: ლიბიაში წყალდიდობას, სავარაუდოდ, სულ მცირე 2000 ადამიანი ემსხვერპლა

12 სექტემბერი, 2023 • 1294
AP: ლიბიაში წყალდიდობას, სავარაუდოდ, სულ მცირე 2000 ადამიანი ემსხვერპლა

ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე შტორმმა „დანიელმა“ ლიბიის აღმოსავლეთით მდებარე სანაპიროზე დიდი წყალდიდობა გამოიწვია, რომლის შედეგადაც ქალაქ დერნაში ორი კაშხალიც დაინგრა.

ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, ოფიციალურად დადასტურებულია 61 ადამიანის დაღუპვა, თუმცა ამ მონაცემში არ შედის სტატისტიკა დერნადან, რომელიც, როგორც „ესოშიეითიდ პრესი“ [AP] წერს, სრულიად მიუწვდომელია. ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედი ხელისუფლების [მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ, ქვეყანაში ცენტრალური ხელისუფლება არ არის და ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს] წარმომადგენლები, კონკრეტულად კი აღმოსავლეთ ნაწილის პრემიერ-მინისტრი ოსამა ჰამადი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, სულ მცირე 2000 ადამიანია დაღუპული.

სოციალურ ქსელებში ადგილობრივების გავრცელებული ვიდეოები აჩვენებს, რომ მთლიანი საცხოვრებელი რაიონები განადგურებულია წყალდიდობის შედეგად. შენობები, რომელიც ქალაქში არსებული მდინარის სანაპიროზე იდგა, ნაწილობრივ ჩაინგრა.

სულ მცირე 2000 დაღუპულზე საუბრობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედი სამხედრო ძალების პრესსპიკერი. მისივე თქმით, დაკარგულია დაახლოებით 5000-6000 ადამიანი. კატასტროფის მთავარ მიზეზად აჰმედ ალ-მოსმარი ასახელებს ორი კაშხლის ნგრევას.

„სიტუაცია ტრაგიკულია“, – ამბობს აღმოსავლეთ მთავრობის შს მინისტრი ესამ აბუ ზერიბა. მისივე თქმით, ბევრი დაღუპულის ცხედარი წყლის ნაკადმა ხმელთაშუა ზღვისკენ გარიყა.

გაეროს კოორდინატორი ლიბიის საკითხებში, ჯორჯიტ გენონი, მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, სტიქიით დაზარალებულ ქვეყანას დაეხმაროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი