ახალი ამბები

ექსპერტიზამ დავით რაზმაძის სხეულზე ჭრილობა და დაზიანებები აღმოაჩინა – რ2

12 აგვისტო, 2019 • 1920
ექსპერტიზამ დავით რაზმაძის სხეულზე ჭრილობა და დაზიანებები აღმოაჩინა – რ2

მიმდინარე წლის იანვარში ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედარს, სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, დაზიანებები აღენიშნებოდა. ამის შესახებ “რუსთავი 2” იუწყება.

ტელეკომპანიის ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი მან ექსკლუზიურად მოიპოვა. დასკვნაში წერია, რომ “გვამის შორსწასული ლპობითი ცვლილებების გამო” მეზღვაურის სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა შეუძლებელია. მასში ასევე საუბარია დაზიანებებზე, ჭრილობასა და მათ მდებარეობაზე.

“სხეულის ხრწნის გამო, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა სიკვდილის დროისა და იმის განსაზღვრა, გარდაცვალების დრო ემთხვევა თუ არა პოლიციაში შესულ შეტყობინებას. ამის გამო სიკვდილის მიზეზი განისაზღვრა დახრჩობით გამოწვეულად. დაზიანებები აქვს სახესა და შუბლზე, რომელიც მიღებულია მაგარი საგნით. ასევე აღენიშნება ჭრილობა წარბიდან ზემოთ, დაახლოებით, 4სმ-ში. ხოლო მაჯებზე დაზიანებები მიყენებულია ხელების ”თოკით” შეკვრისგან, სადაც ერთ მაჯაზე თოკი კარგად იყო მოჭერილი, მეორეზე – ცოტათი მოშვებული, რაც არ გამორიცხავს, რომ ქმედების განმახორციელებელმა ყველაფერი განზრახ ჩაიდინა. სხეულის დეკომპოზიციის გამო ვერ მოხერხდა ვერც იმის დადასტურება, მოხდა თუ არა მსხვერპლის გაუპატიურება სიკვდილამდე“, წერია “რუსთავი 2”-ის მირ მოპოვებულ დასკვნაში.

რ2-ის მიერ მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნა

რ2-ის მიერ მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნა

ქართველი მეზღვაური მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემ MV Dogan Bey-ზე მუშაობდა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ Misurata-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან გაუჩინარდა ღამით, მორიგეობის დროს. ფაქტი მოხდა 7 იანვარს, მაგრამ დავით რაზმაძის ახლობლებს მეზღვაურის დაკარგვის შესახებ მხოლოდ 16 იანვარს შეატყობინეს. არსებული ვერსიით, სამძებრო სამუშაოების შედეგად მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს, მისი გადმოსვენება კი საქართველოში მხოლოდ 7 მარტს მოხერხდა.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, ცნობილია თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის რაიმე ახალი დეტალი ზემოაღნიშნულ საქმეზე. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი