ლიბიაში მყოფ ქართველ მეზღვაურებს ქვეყნიდან გაუსვლელობის შეზღუდვა მოეხსნათ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განუცხადა.
“ქართველი მეზღვაურები ქალაქ მისურათაში იმყოფებოდნენ გაუსვლელობის პირობით. გახსოვთ, რომ წლის დასაწყისში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ჩვენი მეზღვაური, რომლის საქმეზეც ლიბიურმა მხარემ გამოძიება დაიწყო და ახლაც გრძელდება. ლიბიურმა მხარემ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ეკიპაჟის 18 წევრი, მათ შორის ორი წევრი, საქართველოდან გაუსვლელობის პირობით გაჩერებულ იქნენ ლიბიაში. გუშინ გამოძიებამ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის შეზღუდვა მოეხსნათ. ისინი გამოემგზავრებიან საქართველოში, უახლოე მომავალში აქ იქნებიან”, – განაცხადა კონსტანტინიდმა.
ქართველი მეზღვაურები – რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე – ლიბიის ქალაქ მისრათაში [Misurata] ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით არიან გაჩერებული. მათთან ერთადაა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე კიდევ 17 მეზღვაური. ყველანი მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემ MV Dogan Bey -ზე მუშაობდნენ. მას შემდეგ, რაც ამ გემზე 2019 წლის იანვარში ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, ლიბიის სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება დაიწყეს. გემის ეკიპაჟი სრული შემადგენლობით მისრათაში გააჩერეს და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს.
ამავე თემაზე:
http://batumelebi.netgazeti.ge/news/194404/