ახალი ამბები

ლიბიაში იპოვეს ჰაშიშის შეკვრები პუტინის ფოტოებით

8 თებერვალი, 2022 • 1227
ლიბიაში იპოვეს ჰაშიშის შეკვრები პუტინის ფოტოებით

ლიბიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქის, ალ-მარჯის რაიონში, ზღვის სანაპიროზე, 323 შეკვრა ჰაშიში იპოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პაკეტებზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ფოტოებია დატანილი.

ქვეყანაში მოქმედი ონლაინ გამოცემის, Libya Observer-ის თანახმად, ჰაშიშის შეკვრები შაბათს, 5 თებერვალს, მოქალაქემ აღმოაჩინა და საგამოძიებო უწყებას გადასცა, ამ უკანასკნელმა კი ნივთიერება ნარკოტიკების საწინააღმდეგო სამსახურს მიაწოდა.

გამოცემის მიხედვით, აღმოსავლეთ ლიბიის ორ რაიონში მოქალაქეებმა ჰაშიშის შეკვრები რამდენიმე დღით ადრეც იპოვეს. ამ შემთხვევაში, ადგილობრივებს პაკეტებზე დახვდათ კოლუმბიელი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის ფოტოები.

შეკვრები პუტინის ფოტოებით. ფოტო: Libya Observer

ვარაუდობენ, რომ ეს შემთხვევები უკავშირდება ნავის ჩაძირვას, რომელშიც კონტრაბანდული ტვირთი იყო განთავსებული.

ზემოხსენებული ამბავი რუსულ მედიაშიც გავრცელდა. გამოცემა “მედუზა” წერს, რომ ცნობილი ადამიანების ფოტოებსა თუ დიდი კომპანიების ლოგოებს ნარკოტიკული საშუალებების შეკვრებზე ხშირად პოულობენ. მაგალითად, 2018 წელს ბელგიაში კოკაინის დიდი პარტია ამოიღეს, შეფუთვების ნაწილზე კი რუსეთის მმართველი პარტიის, “ედინაია რასიას” სიმბოლოები იყო დატანილი.

მანამდე, 2014 წელს, კოლუმბიის პოლიციამ 7 ტონა კოკაინს მიაგნო, კომპანიების “KIA” და “Yamaha” ლოგოებით. მაშინ AP News წერდა, აღნიშნული სიმბოლოები კონტრაბანდის უკან მდგარ სხვადასხვა კრიმინალურ დაჯგუფებაზე მიანიშნებდა.

გარეკანის ფოტო: euronews/AFP

მასალების გადაბეჭდვის წესი