ახალი ამბები

ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ შემოვლენ

11 სექტემბერი, 2023 • 2834
ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ შემოვლენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეიდან 11 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას უვიზოდ შეძლებენ. აღნიშნული განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა და სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა რამდენიმე კვირის წინ ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით:

„იცით რომ, მე მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩინეთში. ჩინეთი არის მეორე ეკონომიკა მსოფლიოში და ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არის ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება ჩინეთთან, მეტი ინვესტიციების და ტურისტების მოზიდვა ჩინეთიდან. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს დღეიდან. დღეს შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ. ეს წამახალისებელი იქნება კიდევ უფრო მეტი ტურისტების ჩამოსაყვანად.

ჩინელი ტურისტები ითვლებიან როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტები. ასე რომ, ჩვენ გვაქვს პირდაპირ ფრენებიც. მე მქონდა ჩინეთი პრემიერთან საუბარი ამ საკითხზეც. სულ რამდენიმე დღეში, ეკონომიკის მინისტრთან ჩამოვიდა დელეგაცია კონკრეტულად პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა დავამატოთ მეტი რეისები, პირდაპირი რეისები ჩინეთთან და მეტი ტურისტი გვინდა ჩამოვიდეს ყველა ქვეყნიდან,“ — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი