ახალი ამბები

მაროკო მიწისძვრიდან მესამე დღეს: “ხალხი ამ სოფლიდან ან საავადმყოფოშია, ან — მკვდარი”

11 სექტემბერი, 2023 • 1158
მაროკო მიწისძვრიდან მესამე დღეს: “ხალხი ამ სოფლიდან ან საავადმყოფოშია, ან — მკვდარი”

მაროკოში 8 სექტემბერს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 100-ს გადააჭარბა. სამძებრო სამუშაოები გრძელდება, თუმცა მაშველებს შორეულ დასახლებებამდე მისვლა უჭირთ.

6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა მთებში მდებარე არაერთი სოფელი ნანგრევებად აქცია. მიწისძვრის არეალში სახლები დაინგრა და გზები ჩაიხერგა. მრავალი სასოწარკვეთილი მოქალაქე ჯერაც ელის ჰუმანიტარულ დახმარებას.

უკანასკნელ 60 წელიწადში მაროკოში ასეთი ძლიერი მიწისძვრა არ მომხდარა. ბიძგების ეპიცენტრი ატლასის მთებში, ქალაქ მარაქეშიდან 71 კილომეტრის მოშორებით იყო. დაშავებულთა აღრიცხული რაოდენობა 2 400-ს აჭარბებს. აქედან არაერთს მძიმე დაზიანებები აქვს.

“სიბნელეში ვიყავით, მტვერში. გავიგონეთ ბიძგი, კედლები ჩამოიშალა, მაგრამ თავიდან ვერ მივხვდით, რა ხდებოდა”, — ეუბნება მედიას ერთ-ერთი მთიანი სოფლის მცხოვრები ჰამიდ ბინ ჰინა, რომელსაც მიწისძვრის შედეგად 8 წლის შვილი დაეღუპა.

ფოტო: BBC/Getty Images

BBC-ის ჟურნალისტი ტომ ბეიტმენი მთიანი სოფლიდან, მულაი იბრაჰიმიდან იუწყება, რომ ადგილობრივებს დაღუპულთა ცხედრები ნანგრევებიდან შიშველი ხელებით ამოაქვთ.

“ამ მხარეებს გარკვეული დახმარება მიეწოდება, მაგრამ მისი დიდი ნაწილი საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ არის გაცემული. ამ ტერიტორიებზე შემოღწევა რთული იქნება”, — დასძენს ბეიტმენი.

ტელეკომპანიის ჟურნალისტები ასევე ჩავიდნენ მიწისძვრით თითქმის სრულად განადგურებულ სოფელ თაფაჯიღთში, რომლის 200 მაცხოვრებლიდან 90-ის დაღუპვა დადასტურდა.

“ხალხი ამ სოფლიდან ან საავადმყოფოშია, ან — მკვდარი”, — აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი.

იმ ფონზე, როცა ნანგრევებში მოყოლილთა გადარჩენის შანსები ყოველ საათში მცირდება, მაროკო სამაშველო ჯგუფებს სხვა ქვეყნებიდანაც იღებს. მაგალითად, ესპანეთმა ქვეყანაში 86 მაშველს გაგზავნა, დიდი ბრიტანეთი კი 60 მაშველსა და სამედიცინო ჯგუფს აგზავნის.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, განმეორებითი ბიძგები, შესაძლოა, კვირების განმავლობაში გაგრძელდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი