ახალი ამბები

გურიის სტიქიის გამო 400-ზე მეტი შეტყობინება მივიღეთ — საგანგებოს უფროსი

8 სექტემბერი, 2023 •
გურიის სტიქიის გამო 400-ზე მეტი შეტყობინება მივიღეთ — საგანგებოს უფროსი

გურიაში წუხანდელი სტიქიის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 400-მდე შეტყობინება მიიღო. აღნიშნულის შესახებ ხსენებული სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ისაუბრა.

მისივე თქმით, მაშველებმა ორი მოქალაქის ცხედარი იპოვეს, ერთ ადამიანს კი ჯერაც ეძებენ.

“როგორც იცით, გურიაში უხვი ნალექის შედეგად ადიდდა მდინარეები. უხვმა ნალექმა გამოიწვია მეწყრული პროცესები, რითაც ჩაიხერგა რამდენიმე ათეულ სოფელთან მისასვლელი გზები.

ასევე, სამწუხაროდ, არის მსხვერპლი. ერთ-ერთ სოფელში მოხუცი ქალბატონი მოჰყვა ნგრევის შედეგად სახლში, რომელიც ამოსვენებულია მეხანძრე-მაშველების მიერ. ასევე, მოზარდი ბავშვის ცხედარია ნაპოვნი ერთ-ერთ სოფელში. ისიც ამოსვენებულია და გადასვენებულია პროზექტურაში”, — დასძინა მან.

მღებრიშვილის თქმით, 7 სექტემბრის ღამის სტიქიის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 400-ზე მეტი შეტყობინება შევიდა, საიდანაც ზოგიერთი “იდენტური იყო”. მისი ინფორმაციით, ძირითადად, ზარები პირველი სართულებისა და ეზოების დატბორვას ეხებოდა.

“ამ დრომდეც მიმდინარეობს თითოეული ზარის და მისამართის გადამოწმება… საფრთხისშემცველი ზონებიდან უსაფრთხო ადგილებზე 50-მდე მაცხოვრებელია გამოყვანილი. ამ დრომდე გრძელდება მსგავსი ღონისძიებები”, — დასძინა მან.

18:00 საათზე ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ ზოგიერთ სოფელში, საიდანაც მოქალაქეებმა დარეკეს და დახმარება ითხოვეს, მაშველები ჯერ ვერ შედიან:

“ამ ეტაპზე გვაქვს გარკვეული ზარები, სადაც საჭიროა ბოლომდე მისვლა. ითხოვენ გამოყვანასაც. ამის გამო მობილიზებული გვყავს მაღალი გამავლობის მძიმე ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც შევალთ იმ სოფლებში, სადაც, ჩამოწოლილი მეწყრის გამო ვერ მოხერხდა ბოლომდე მისვლა. ვფიქრობთ, დღის ბოლომდე ამ ყველაფერს დავასრულებთ”.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის ცნობით,  სამსახურის 200 მეხანძრე-მაშველთან ერთად პოლიციის დანაყოფები და მუნიციპალური სამსახურებიც არიან მობილიზებულნი. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ მღებრიშვილმა თქვა, რომ “ამ ეტაპზე ვერტმფრენის ჩართულობა არ არის საჭირო”.

“იყო ვერტმფრენის მობილიზება, თუმცა რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა ამ მხრივ ცოტა შეგვაფერხა. თუმცაღა, საჭიროება ნამდვილად არ დადგა ამ ვერტმფრენის ჩართულობის”, — აღნიშნა მან.

მღებრიშვილს ასევე ჰკითხეს, როდის გაიხსნება ცენტრალური ავტომაგისტრალი, რომელიც სტიქიის დროს დაიტბორა.

“20:00 საათზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შენობაში სხდომა გაიმართება. იქ შეჯამდება ჩატარებული სამუშაოები, მიმდინარე პროცესები და ამის შემდეგ ალბათ გაკეთდება დაატებითი განცხადებები, თუ სად და როდის გაიხსნება”, — უპასუხა მან.

ამავე თემაზე:

„გამოვიქეცით და დავინახეთ, როგორ დაინგრა სახლი“ — ოჯახმა გურიაში მეწყერს გაასწრო

მასალების გადაბეჭდვის წესი