ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომას მკვიდრი შოთა გაბეჩავა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც გურიაში მომხდარმა წუხანდელმა სტიქიამ დააზარალა.
როგორც გაბეჩავა „ნეტგაზეთთან“ საუბრისას იხსენებს, მეწყერმა სრულად დაანგრია მისი საცხოვრებელი სახლი, თავად კი ოჯახის წევრებთან ერთად შენობის ჩამონგრევას რამდენიმე წუთით გამოასწრო:
„ღამით წვიმა რომ დაიწყო, სახლის ზემოთა მხრიდან სანიაღვრე არხია და შევხედე, ცოტა წყალი იყო არხიდან გადმოსული, მაგრამ ისეთი არაფერი. დილით 6-ის ნახევარზე კიდევ გამოვედი, დავათვალიერე შუქი არ იყო და არც მაშინ ჩანდა რამე. უკვე 6 საათი რომ ხდებოდა, ხმა გავიგონე და რომ გამოვედი, დავინახე, მეწყერი უკვე სახლის წინა ნაწილში იყო შემოსული. წინ, მისაღებში, უკვე მიწა იყო შემოტანილი, შუა ოთახში რძალი და 5 წლის შვილიშვილი მეწვინა, უცებ გავაღვიძე, გარეთ გამოვიყვანე, ჭიშკართან გადავედით და ამ დროს დავინახეთ, როგორ დაინგრა სახლი მთლიანად“ — აცხადებს გაბეჩავა ჩვენთან საუბრისას.
მისი თქმით, სახლიდან მხოლოდ ერთი, უკანა კედელია გადარჩენილი. გაბეჩავა აღნიშნავს, რომ ამ დრომდე ადგილზე მხოლოდ ოზურგეთის საკრებულოში შრომას დეპუტატი იმყოფებოდა, მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები კი ადგილობრივებთან ამ დრომდე არ გამოჩენილან.
ძლიერმა სტიქიამ გურიაში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. მეწყერმა დაანგრია რამდენიმე სახლი ჩოჩხათის თემის სოფლებში. სტიქიას გურიაში მსხვერპლი მოჰყვა. ნაპოვნია ერთი მოზარდისა და სრულწლოვნის ცხედარი, კიდევ ერთ მოზარდს ეძებენ.
„გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.
სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.
მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს“, — აცხადებს შსს.