ახალი ამბებიეკონომიკა

გაიზარდოს ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი – რომან გოცირიძის ინიციატივა

7 სექტემბერი, 2023 • 2921
გაიზარდოს ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი – რომან გოცირიძის ინიციატივა

საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე გამოდის ქონების გადასახადის წესში ცვლილებების შეტანის ინიციატივით. მისი მოსაზრებით, აღნიშნული წესი მოძველებულია და რეალობასთან შეუსაბამოა – ინფლაციის, ლარის გაუფასურებისა და შემოსავლების ოდენობის ცვლილებების გამო.

მოქმედი კანონით ქონების გადასახადი უნდა გადაიხადოს ოჯახმა, რომლის წევრების ჯამური შემოსავალიც აჭარბებს 40 000 ლარს და ფლობს უძრავ ქონებას.

ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან მხოლოდ ის ოჯახები, რომელთა შემოსავალიც 40-ათას ლარზე ნაკლებია.

გოცირიძის თქმით, 40 000-ლარიანი ზღვარი 2004 წელს დაწესდა მაშინ, როცა შემოსავლები დღევანდელთან შედარებით უფრო დაბალი იყო, ხოლო ახლა, 40 ათას ლარზე მეტი შემოსავალი შეიძლება იმ ოჯახებსაც ჰქონდეთ, რომლებიც ფინანსურად მდიდრები არ არიან.

„დღეისათვის 40 ათასი ლარი თავისი მსყიდველობითუნარიანობით 167 პროცენტით ჩამოუვარდება 2004 წლის მაჩვენებელს. თუ ოჯახიდან, მაგალითად, სამი ადამიანი მუშაობს და მათი ხელფასი ათას ლარს აღემატება, მათ სარგებლობაში არსებულ ბინაზე, მიწაზე თუ სხვა სახის უძრავ ნივთზე გადასახადი უნდა გადაიხადონ და თანაც საკმაოდ მაღალი განაკვეთით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მკვეთრად გაიზარდა უძრავი ქონების ფასი, განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივად შემოსვლის შემდეგ, აღნიშნული გადასახადი მძიმე ტვირთად აწვება დაბალი შემოსავლების მქონე (და არა მხოლოდ მათ) ოჯახებს“, – წერს დეპუტატი.

გოცირიძის ინიციატივა მდგომარეობს იმაში, რომ გაიზარდოს ქონების გადასახადისგან გათავისუფლების ზედა ზღვარი – 40-დან 60-ათას ლარამდე. გარდა ამისა, დეპუტატს სურს შემცირდეს გადასახადის განაკვეთები და მოხდეს მისი მეტი დიფერენციაცია შემოსავლის ოდენობის მიხედვით – „ამჟამად მხოლოდ ორი განაკვეთია – 100 ათას ლარამდე წლიური შემოსავლისათვის და 100 ათას ლარზე მეტისათვის“.

გოცირიძის ინიციატივით, 150 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ქონების გადასახადმა უნდა შეადგინოს ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არაუმეტეს 0.1 პროცენტისა. 150-500 ათას ლარამდე მქონე შემოსავლის მქონეთათვის – არანაკლებ ქონების საბაზრო ღირებულების 0.4 პროცენტისა და არაუმეტეს 0.6 პროცენტისა, ხოლო 500 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონეთათვის – საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არაუმეტეს 1 პროცენტისა.

დეპუტატი ინიციატივას პარლამენტში არეგისტრირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი