ახალი ამბები

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მორიგი პოლიტიკური თაღლითობაა – „საქართველოსთვის“

6 სექტემბერი, 2023 • 1566
საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მორიგი პოლიტიკური თაღლითობაა – „საქართველოსთვის“

პარტიის „საქართველოსთვის“ განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები მორიგი „პოლიტიკური თაღლითობაა“.

პარტიის განცხადებით, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი 2024 წლის არჩევნებზე მოქალაქეთა არჩევანის მოპარვის მცდელობა და არჩევნების გაყალბების კომპლექსული პროცესის შენიღბვაა.

„ცესკოს თავმჯდომარის და წევრების 90 ხმით არჩევის წესის ინიცირება ხელისუფლების მხრიდან (მაშინ, როცა სულ რაღაც 2 თვის წინ საჭირო ხმების რაოდენობა 100-დან 76 ხმამდე შეამცირეს და ცესკო საკანონმდებლო დონეზე დაიქვემდებარეს), არის თითქოსდა ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების ყალბი მცდელობა (სახალხო დამცველის არჩევის მსგავსად), რეალურად კი საზოგადოების მოტყუება და ხელისუფლებისადმი ლოიალური ცესკოს თავმჯდომარის და წევრების გარანტირებულად არჩევა ფორმალურად უფრო მაღალი ლეგიტიმაციით, რაც ოცნებისთვის ჩვეული პოლიტიკურ-თაღლითური ხელწერაა.

როგორც სჩანს, ხელისუფლებას განზრახული აქვს ოპოზიციის ცალკეულ წევრებთან გარიგებით/მოსყიდვით, აირჩიოს ცესკოს მორჩილი თავმჯდომარე და წევრები, ზუსტად ისე, როგორც აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები (მაგ.: ნაცმოძრაობის ფრაქციის ხელშეწყობით). ამგვარი გარიგების/მოსყიდვის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, ოცნების მიზანია 90 ხმით ცესკოს თავმჯდომარის და წევრების აურჩევლობაში ოპოზიციის დადანაშაულება და მათი არჩევა უბრალო უმრავლესობით – 76 ხმით“, – აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“.

პარტიაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ცვლილებებით არათუ ვერ იქნება აცილებული არჩევნების გაყალბების რისკები, არამედ კიდევ უფრო მყარი საფუძველი იქმნება 2024 წლის არჩევნების ხელისუფლებისადმი ლოიალური ცესკოს მიერ ჩასატარებლად.

მათივე განცადებით, პარტია „საქართველოსთვის“ აღნიშნულ „ფიქტიურ პროცესებში მონაწილეობას არ მიიღებს და არჩევნების გაყალბების კომპლექსურ პროცესს ხელს არ შეუწყობს“.

„ქართული ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ისევ ცვლის. საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ დღეს, 6 სექტემბერს, წარადგინა.

კერძოდ, მმრთველი გუნდის ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 90 ხმა იქნება საჭირო, ნაცვლად დღეს მოქმედი კანონისა, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით 76 ხმით ირჩევენ. ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 90 ხმა ვერ მოგროვდება, მაშინ კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალი 76 ხმა იქნება და კანდიდატებისთვის ორჯერ იქნება შესაძლებელი 76 ხმით მხარდაჭერის მიღება სცადონ.

როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის მორიგ ჯერზე ცვლილება ევროკომისიის შუალედური შეფასებითაა განპირობებული.


„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი ბოლო ორ წელში რამდენიმეჯერ შეცვალა. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი 2021 წლის 19 აპრილის მიღებული ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული, თუმცა ამ შემთანხმების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმეჯერ შეცვალა და 2023 წლის ივნისში მიღებული ბოლო ცვლილებებით მიიღო ცვლილებები, რომელიც ოპოზიციისა და პრეზიდენტის როლის გამორიცხავასაც უშვებს.

მმართველი გუნდის მიერ ცლილებები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აღარ წარუდგინა. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს კი „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა. ამის გამო ამ დრომდე ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას ისევ გიორგი კალანდარიშვილი იკავებს.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, პარლამენტისთვის ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურების წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

ცესკოსთან დაკავშირებით ბოლოს მიღებულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტოც დაადო, თუმცა ის საპარლამენტო უმრავლესობამ დაძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი