ახალი ამბები

მდინარაძე: „ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს“

6 სექტემბერი, 2023 • 1706
მდინარაძე: „ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს“

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ პარტიაში ეჭვი ეპარებათ, რომ პრეზიდენტი უცხოეთში მთავრობასთან შეუთანხმებელ ვიზიტებს ქვეყნის სასიკეთო საქმისთვის ანხორციელებს და ხაზს უსვამს, რომ ასეც რომ იყოს, ეს მაინც კონსტიტუციის დარღვევა იქნებოდა.

ჟურნალისტებთან საუბარში მდინარაძემ ასევე თქვა, რომ ზურაბიშვილს არც დღეს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანეულ მაკრონთან შეხვედრის ნებართვა ჰქონდა. მისივე მტკიცებით, ზურაბიშვილმა ევროპელი ლიდერები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, ვინაიდან მათ „დაუკითხავად დაადგა“.

„ოთხი დღე დაიკარგა, შემდეგ ისეთ ქვეყანაში, ისეთ ლიდერთან აღმოჩნდა, რომელთან შეხვედრაზე თანხმობაც არ ჰქონდა მოთხოვნილი. [ზურაბიშვილი] დემონსტრაციულად, კიდევ უფრო უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. [..] ევროპელი ლიდერებიც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან. რა უნდა თქვას ნებისმიერი ქვეყნის ლიდერმა, რომელსაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტი თავზე ასე დაუკითხავად დაადგება“, – თქვა მან.

ამასთან ერთად, მდინარაძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში პრეზიდენტის მიერ თანხმობის საჭიროების მუხლი ჩაიწერა იმისთვის, რომ პრეზიდენტმა ქვეყნისთვის დამაზიანებელი არაფერიი გააკეთოს.

„ძალიან უტრირებულია, მაგრამ წარმოიდგინეთ, საქართველოს პრეზიდენტი პრიგოჟინის დაკრძალვაზე რომ ჩასულიყო. ეს ხომ უკიდურესად დამაზიანებელი ჟესტია“, – აღნიშნა მდინარაძემ.


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგ კოლეგას, ემანეულ მაკრონს დღეს, ექვს სექტემბერს შეხვდა.

ზურაბიშვილმა მაკრონისთან შეხვედრის შემდეგ მაკრონთან ერთად ვიდეო ჩაწერა და ინსტაგრამზე გაავრცელა.

„მოგესალმებით პარიზიდან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს მომავალ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ის განაგრძობს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

„დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. დღეს პარიზში, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამვონო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმსაპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე.

ასევე მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მამაცური ბრძოლის მიმართ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და იმისათვის, რაც მჯერა რომ ქართველი ხალხის მომავალია – ნამდვილად ევროპული გზა. ყველას დიდ წარმატებას გისურვებთ. მე განვაგრძობ ქალბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერას ამ გზაზე მომდევნო დღეების, თვეებისა და წლების განმავლობაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და ჩვენთვის“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი