ახალი ამბები

კონსტიტუციურ უფლებას გვართმევთ, რომ კანონპროექტები წარმოვადგინოთ – გოცირიძე უმრავლესობას

5 სექტემბერი, 2023 •
კონსტიტუციურ უფლებას გვართმევთ, რომ კანონპროექტები წარმოვადგინოთ – გოცირიძე უმრავლესობას

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარლამენტში ოპოზიციის უფლებები ირღვევა, რადგან მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვას უმრავლესობა ხელოვნურად ბლოკავს.

მისი თქმით, ოპოზიციის კანონპროექტები „კომიტეტებშია გაჭედილი“ და სხდომების დღის წესრიგში ვერ ხვდება.

ამის შესახებ რომან გოცირიძემ დღეს, 5 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

„სად არის ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები? ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ მიერ წარმოდგენილი 7-მდე კანონპროექტი რატომ არ იხილება დღეს? – არ იხილება იმის გამო, რომ კომიტეტებშია გაჭედილი. არღვევთ რეგლამენტს, არღვევთ კონსტიტუციას. დღეს რომ ნიანგის ცრემლებს ღვრით, რომელი კონსტიტუციის დაცვაზეა საუბარი, როდესაც ქვეყანაში გაუქმებულია კონსტიტუცია, არ არსებობს პარლამენტი, პროკურორი პროკურორს არ ჰგავს და მოსამართლე მოსამართლეს. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში არაფორმალური. ოლიგარქიული მმართველობაა. არაფორმალური მმართველობა ნიშნავს არაკონსტიტუციურს.

კონსტიტუციურ უფლებას გვართმევთ, რომ ჩვენ კანონპროექტები წარმოვადგინოთ და განხილული იყოს პარლამენტში. საპარლამენტო მუშაობის ბოლო, მეოთხე წელია და მოგიწოდებთ, შეწყვიტეთ იმ საკითხების ხელოვნურად შეჩერება და საზოგადოების თვალწინ მისი განხილვის დაბლოკვა, ვინაიდან ხალხის გეშინიათ. გეშინიათ იმისა, რომ ამ მაღალი ტრიბუნიდან საზოგადოება მოისმენს იმ კანონპროექტებს, რომლებიც ქვეყანას სჭირდება და არ გჭირდებათ თქვენ, ვინაიდან თქვენს არაფორმალურ არაკონსტიტუციური მმართველობის შენარჩუნებას და ძალაუფლების უზურპაციას შეუშლის ხელს“,- განაცხადა გოცირიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი