„ატლანტიკური საბჭოს“ საპატიო მკვლევარი დენიელ ფრიდი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში, ამბობს, რომ მართალია აშშ თბილისს პროვოკაციების შესახებ აფრთხილებდა, თუმცა რუსეთი ყველა შემთხვევაში დაესხმებოდა საქართველოს თავს.
ამის შესახებ ფრიდმა თბილისის მე-7 საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის ფონზე, შეგვიძლია საბოლოოდ უარვყოთ ის სისულელე, რომ საქართველომ ომის პროვოცირება მოახდინა. პუტინი ნებისმიერ შემთხვევაში აპირებდა საქართველოზე თავდასხმას. დიახ, მე მქონდა საუბრები საქართველოს ხელისუფლებასთან. ვეუბნებოდი, არ გაეგზავნათ ჯარები… მაგრამ ასეც რომ არ ექნათ, რუსეთი მაინც დაესხმებოდა თავს“, — განაცხადა დენიელ ფრიდმა.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, უკრაინის ომი ადასტურებს, რომ პუტინს იმპერიის აღდგენა უნდა და მზადაა, ამისთვის ძალა გამოიყენოს.
ფრიდმა გაიხსენა, რომ თავად მან და მეთიუ ბრაიზამ იცოდნენ, რომ პუტინს ომი სურდა, სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი კი უხერხულ სიტუაციაში იყო, რადგან ორი მთავარი მრჩეველი ეუბნებოდა, რომ პუტინს სურდა საქართველოსთან ომი და პროვოკაციებს მოაწყობდა, სანამ ამას მიიღებდა, თუმცა ძალიან ბევრი აშშ-ის მთავრობაში ამბობდა, რომ ეს ასე არ იყო.
„კონდოლიზა რაისი საკმაოდ შეშფოთებული იყო 2008 წლის ივლისში, ჩამოვიდა თბილისში სააკაშვილთან სალაპარაკოდ. სხვა საკითხებთან ერთად, იმის სათქმელად, რომ სამხედრო გადაწყვეტა არ იყო შესაძლებლობა საქართველოსთვის და პროვოკაციებს არ უნდა წამოეგებოდა. ის მართალი იყო ამ ის შესახებ, მაგრამ ჩვენ ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებაში ჩამოვრჩით. ძალიან ნელები არ ვყოფილვართ, მაგრამ უფრო ნელი ვიყავით, ვიდრე საჭირო იყო. როდესაც ომი დაიწყო, ჩვენ სწორად ვუპასუხეთ“, — თქვა ფრიდმა.
ამ კონტექსტში მან გაიხსენა ერაყიდან საქართველოს ჯარების დაბრუნება თბილისში.
„რუსებმა გაგვაფრთხილეს, რომ უსაფრთხოების გარანტიას ვერ მოგვცემდნენ, თუ თბილისის აეროპორტში დავფრინდებოდით. აშშ-ის გაერთიანებული ძალების მეთაურმა უთხრა, რომ მაინც მივფრინავთ“, — განაცხადა ფრიდმა.
მისი თქმით, საქართველოს არმია დამარცხდა, მაგრამ არ განადგურდა და მზად იყო, თბილისი დაეცვა, მაშინ როდესაც პუტინი არ იყო მზად თბილისის ასაღებად.
დენიელ ფრიდის თქმით, საქართველო, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები მართლები იყვნენ რუსეთთან დაკავშირებით.