ახალი ამბები

მეჩვენება, რომ ეს არის ყურადღების გადატანა რეალური პრობლემებიდან — კრამონი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე

3 სექტემბერი, 2023 • 1779
მეჩვენება, რომ ეს არის ყურადღების გადატანა რეალური პრობლემებიდან — კრამონი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცესის დაწყება რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანაა. ამის შესახებ მან დღეს, 3 სექტემბერს საქართველოში, სოფელ ოძისში ჟურნალისტებთან განაცხადა.

“გულწრფელად რომ გითხრათ, მეჩვენება, რომ ეს არის ყურადღების გადატანა რეალური პრობლემებიდან თბილისში. ჩემთვის ეს არის საზოგადოების ყურადღების გადატანის კიდევ ერთი გზა”, — თქვა კრამონმა [“ფორმულას” თარგმანი].

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 1 სექტემბერს განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ამის უფლება არ მისცა. ზურაბიშვილის განცხადებით, შეხვედრებზე იგი გაემგზავრა, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას.

პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში 100 დეპუტატი არ არის, შესაბამისად მხოლოდ უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.

თუმცა უახლოეს წარსულში არსებობს იმის მაგალითიც, როცა პარლამენტში კენჭისყრა 93-ხმიანი მხარდაჭერით გაიმართა. საუბარია, მაისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე. როდესაც მიუხედავად საერთო ოპოზიციური განწყობისა, კენჭისყრაში მონაწილეობა უმრავლესობისა და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა კიდევ 4-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა (ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და დილარ ხაბულიანმა) მიიღო.

ამავე თემაზე ნახეთ:

  • ვინ (არ) დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო ოპოზიციიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი