ახალი ამბები

პრეზიდენტის შეხვედრები შეიძლება მხოლოდ ქვეყნის მტრებს აწუხებდეს – ხაზარაძე

31 აგვისტო, 2023 • 2030
პრეზიდენტის შეხვედრები შეიძლება მხოლოდ ქვეყნის მტრებს აწუხებდეს – ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრები შეიძლება მხოლოდ ქვეყნის და ევროინტეგრაციის მტრებს აწუხებდეს.

„საქართველოს პრეზიდენტის ევროპელ კოლეგებთან შეხვედრები შეიძლება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ევროინტეგრაციის მტრებს აწუხებდეს (აშინებდეს). თუ რამე არღვევს დღეს საქართველოს კონსტიტუციას, ეს არის რუსული ხელისუფლება “ქართული ოცნების” სახით, რომელიც კონსტიტუციით დადგენილ პროდასავლურ არჩევანს უკეთებს საბოტაჟს! ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია, ევროპა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების უსაფრთხო მომავალია!“, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.


გუშინ, 30 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისთვის მთავრობას ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მიუცია. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებიდან ირკვევა, პრეზიდენტს ევროპის ქვეყნების გარდა, უარი უთხრეს უკრაინაში ვიზიტზე, ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში ვიზიტებზეც.

თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში არ არის განმარტებული, რატომ ეთქვა პრეზიდენტს უარი ვიზიტებზე.

„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტებით კონსტიტუციას არღვევს. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პრეზიდენტისთვის ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის უარი „საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებთან არის დაკავშირებული“.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, პრეზიდენტის  მიერ კონსტიტუციის  დარღვევას რეაგირების გარეშე ვერ დატოვებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი